მხოლოდ გიჟებს ვთვლი ადამიანებად! - ჯეკ კერუაკი


 თუკი პირველი მსოფლიო ომის შემდგომ,  „დაკარგულ თაობას“ თავისი მანიფესტი ჰქონდა „ფიესტას ( აღმოხდების მზე)“ სახით, მეორე მსოფლიო ომის შედეგად გაჩენილ ბიტნიკებთან, ანუ  დალეწილ - გალეწილ თაობასთან,  ამ როლს ჯეკ კერუაკის „გზაზე“ ასრულებს, თუმცა ამითვე ამოიწურება ყველანაირი მსგავსება ამ ორ ნაწარმოებს შორის.




მიუხედავად იმისა, რომ ბიტ-თაობას არ ჰყავდა ისეთი გამოკვეთილი ფლაგმანი, როგორიც თუნდაც ჰემინგუეი ან ფიტჯერალდი იყო, ჯეკ კერუაკი მაინც „ბიტნიკების მეფედ“ იწოდება, რაც დიდწლიად სწორედ ამ რომანმა განაპირობა.
„გზაზე“ დაიწერა სპონტანურ პროზად  სულ რაღაც სამი კვირაში,  რომელსაც თან ახლდა უამრავი ალკოჰოლი, ნარკოტიკი და ყავა. სიმბოლურია, ალბათ, რომ „გზაზე“-ს ხელნაწერი წარმოადგენს ერთ  უწყვეტ, 36 მეტრიან გრაგნილს, რომელსაც,როგორც თავად იხსენებს,
 ყველგან თან დაათრევდა და „ვიღაც ახალგაზრდა ტიპებს აბოლებდა“.

კრიტიკოსებმა წიგნი არ დაინდეს და მდარე პროზად გამოაცხადეს, ავტორს კი  ემოციური, ინტელექტუალური და ესთეტიკური რესურსი დაუწუნეს, თუმცა კერუაკი არ წერდა კრიტიკოსებისთვის, არც იმისთვის რომ საკუთარი სახლელი უკვდავეყო, არამედ იმიტომ, რომ ის „არასოდეს ამთქნარებდა მოწყენილობისგან და არც გაცვეთლი ფრაზებით ლაპარაკობდა“. ეს არის ამონარიდი ციტატიდან, რომელსაც შეხვდებით ჯეკ კერუაკზე დაწერილ ნებისმიერ რევიუსა თუ სტატიაში, რადგან სწორედ ამ აბზაცმა აქცია იგი ბიტნიკების მეფედ :

“მხოლოდ გიჟებს ვთვლი ადამიანებად, ვისაც სიგიჟემდე უნდა იცხოვროს, ვინც შეშლილივით გელაპარაკება, ვისაც გაგიჟებით უნდა, შეამჩნიონ და თან ყველაფერს დახარბებულია, ყველაფერი ერთბაშად უნდა, რომ მიიღოს. ისინი არასოდეს ამთქნარებენ მოწყენილობისაგან და არც გაცვეთილი ფრაზებით ლაპარაკობენ. მხოლოდ იწვიან, იწვიან, იწვიან რომაული ყვითელი სანთლებივით და მერე ფეთქდებიან, რათა ვარსკვლავებს ობობას ქსელისმაგვარი შუქი მოაფრქვიონ.“

ეს არის ერთგვარი კერუაკი for dummies. „გზაზე“ სწორედ ამ სულისკვეთებით არის გაჟღენთილი. მოგზაურობა კონკრეტული გეოგრაფიული მიზნის, საბოლოო წერტილის გარეშე. ისინი არ მიდიოდნენ არსად, ისინი არ მიდიოდნენ არავისთან, ისინი უბრალოდ გზას მიუყვებოდნენ და ეს იყო ყველაფერი - სიარული სიარულისთვის. გაჩერება, გაყინვა კი დაუშვებელია.  შინაარსობრივად კი, ეს არის წიგნი პილიგრიმობაზე, ოღონდ, იერუსალიმის, წმინდა მიწების გარეშე. ამბავი სალ ფარადაიზის ( ჯეკ კერუაკი), დინ მორიარტის (ნილ კესიდი) და მათი  სხვა მეგობრების მუდმივი მოგზაურობის, მოძრაობაში ყოფნისა და ძიების შესახებ. სხვათა შორის, სწორედ ნილ კესიდის უნდა უმადლოდეს კერუაკი საკუთარი სტილის შემუშავებას, სპონტანური პროზის აღმოჩენასა  და ტომას ვულფის ყოვლის მომცველის გავლენისგან განთავისუფლებას, რომლის დიდი გავლენის ქვეშ არის შექმნილი მისი პირველი რომანი „დიდი ქალაქი, პატარა ქალაქი ( The town and the city)”.
კერუაკი არასოდეს გვესაუბრება ბრტყელ-ბრტყელი, ყავლგასული ფრაზებით. ყველაფერი მარტივი, კომპაქტურია, თითქოს დაძრული მანქანის ჩამოწეული ფანჯრიდან გვეუბნება სათქმელს : „გული მეტკინა - სასურველი გოგო ყოველთვის, რატომღაც, საპირისპირო მხარეს მიდიოდა ხოლმე.“

საინტერესოა ის ფაქტი, რომ კერუაკი, რომელსაც  ამერიკის შეერთებული შტატების ფლოტის შემადგენლობაში უნდა მიეღო მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა,  ფსიქიკური ნიშნით დაიწუნეს  - ის ინდეფერენტული, გულგრილი აღმოჩნდა იმდენად, რომ ომში მონაწილეობის უფლებაც კი არ მისცეს. ეს ფაქტი აისახება პერსონაჟების დუალიზმშიც - ერთი მხრივ, სისხლსავსე, ენერგიული ცხოვრების წესი მეგობრებსა და ახლობლებს შორის და მეორე მხრივ სრული გულგრილობა მთელი დანარჩენი სამყაროს მიმართ ( გაიხსენეთ, სალი „ცოლს“ და აწყობილ, მშვენიერი ცხოვრებასაც მიატოვებს და კვლავ გზას დაუბრუნდება).

ეს რომანი თავიდან ბოლომდე თავისი დროის შვილია. წიგნში აშკარად შეიმჩნევა ამერიკაში იმ დროისთვის შეჭრილი ბუდიზმისა და სხვა აღმოსავლური სწავლებების გავლენა და ფაქტია ისიც, რომ მსგავსი რომანი მხოლოდ ამერიკაში, უამრავი გზებისა და მარშრუტების ქვეყანაში დაიწერებოდა , სადაც გზა სულ სხვა დატვირთვას ატარებდა. ამ რომანის შემდეგ გამოჩნდა ე.წ. “Highway-ს“ რომანტიკა, აწეული ცერა თითები და ტყავის ქურთუკებიანი ბაიკერები, რომლებიც ჩამავლ მზეში უჩინარდებიან.

კერუაკზე და ბიტნიკებზე საუბარი ვერაფრით დამთავრდება მანამ, სანამ არ ვახსენებთ ალენ გინსბერგს და 1955 წლის 7 ოქტომბერს - ეს არის დალეწილი თაობის დაბადების ოფიციალური თარიღი. საღამო, როდესაც გინსბერგმა სან-ფრანცისკოში თავისი ლექსი „ყმული„ წაიკითხა. ეს იყო მსგავსი მასშტაბის პირველი აფეთქება და მის გარეშე ჭირს „გზაზეს“ სულისკვეთების ბოლომდე შეგრძნება :

„წმინდა! წმინდა! წმინდა! წმინდა! წმინდა! წმინდა! წმინდა! წმინდა! წმინდა! წმინდა!

წმინდა! წმინდა! წმინდა! წმინდა! წმინდა!

ყველაფერი წმინდაა! ყველა წმინდაა! ყველგან წმინდაა! ყოველი დღე მარადიულია! ყველა კაცი ანგელოზია ! „

                                                                                                                                     „ყმუილი.შენიშვნები“