ფოტოგრამაზე

ამ გამოფენაზე შეიძლება დაიწეროს ერთად და ცალ-ცალკე, ვინ - ვინ არის და რა გააკეთეს, ან რატომ ეს ორი ავტორი ერთად, ან, ნეტა საერთოდ რა არის ეს.

საბა შენგელიას და გიორგი ინდუაშვილის ნამუშევრების გამოფენა სახელით „ფოტოგრამა“ TBC Art გალერეაში 2 მარტს გაიხსნა. ექსპოზიცია ძალიან სადა და მარტივია, ადვილია ნამუშევრებთან ახლოს მისვლა. ერთ მხარეს - ერთი, მეორე მხარეს - მეორე. მათი გამაერთიანებელი ძირითადი ელემენტი, პირველი შეხედვით, გაუგებარი და ჩვენთვის უცხო ფოტოგრაფიის ტექნიკებია, სადაც ფოტოკამერა საერთოდ არ არსებობს. ერთის შემთხვევაში- ქაღალდზევე აწყობილი, მზით ასახული, გამჟღავნებული და დაბეჭდილი ლანდებია.

გიორგი ინდუაშვილი ეკოლოგიურ პრობლემების შესახებ, ცელოფნის პარკების გამოყენებით, ზღვის ცხოველებს მზით „გვიხატავს“. ტექსტი ამბობს „თუკი ვიტყვი, რომ ამ ნამუშევრებში ნაპირზე გამორიყული ვეშაპის მუცელში ნაპოვნი ცელოფნები გამოვიყენე, შეიცვლება ამით რამე?!“. ციანოგრაფია სპეციალური ქიმიკატების ქაღალდზე დატანის შემდეგ მზეზე გატანისას, მასზე დაცემული სხივების გალურჯებას იწვევს, შესაბამისად ყველაფერი რაც ჩრდილში რჩება უცვლელია ანუ თეთრი. ყველაფერი მზის იქით დარჩენლი გრადაციით თეთრდება და ჩნდებიან ოკეანეებში მოცურავე მედუზები და სხვადასხვა თევზები. სადღაც იქ მართლა გამოირიყა ცელოფნებით სავსე ვეშაპი.

საბა შენგელიას სერია აბსტრაქტულია და მხოლოდ გველანდება ბუნების ნიშნები ფოთლებში, უსახელო ნაყოფებში, ფერად ღეობში და კიდევ იმ გაუგებარ ობიექტებში, რომელთა ამოხსნა არც ისე აუცილებელია. ავტორი საკუთარი სკანერით „განდეგილის ბაღში“ გვეპატიჟება. ამ შემთხვევაში ყველაფერი მის სახლში იქმნება, სკანერიც, კომპიუტერიც - ციფრულად დასამუშავებლად აქ არის, თუმცა ობიექტები ყოველთვის გარედან, ყოველთვის ბუნებიდან მოდიან. აქაური სინათლე ელექტროენერგიიდან მოდის და ისევ მისითვე იბეჭდება, თუმცა ექსპერიმენტი და მასალასთან მუშაობა სკანერის ერთ სიბრტყეს აქცევს სამ ან იქნებ მეტი განზომილების აღმქმელად.

ვიზუალური მხარის გარდა ყველა ნამუშევარს აქვს სათაური, რომელიც აღწერის მაგივრად დამატებით შრეს ქმნის არაობიექტური აღქმისთვის. იმის მიუხედავად, რომ გამოფენის გახსნამ უკვე ჩაიარა, გირჩევთ დაათვალიეროთ ან დღეს, ან ხვალ, ან როცა შეძლებთ, ან იმ დროს, როდესაც ახლომახლო ყვავების გუნდი გადაგიფრენთ, ან ცა ძალიან ლამაზი მოგეჩვენებათ.