ოცხელი ოცხელი ოცხელი ოცხელი ოცხელი ოცხელი ოცხელი ოცხელი ოცხელი ოცხელი ოცხელი ოცხელი

მოდი, ამჯერად პირიქით იყოს: ჯერ ტკბილი ჭამე; კვლავ მწარე, თუ ეძებ გემოვნებასა

ტკბილი:

გამოცდილებამ აჩვენა, რომ რომელიმე არტისტის ატაცება/გახსენება, თუ ეს ატაცება/გახსენება/პატივის მიგება მასშტაბებს იძენს, ყველაზე კარგად მუშაობს ხალხში და ხელოვნების (ზოგადად) და არტისტის პოპულარიზებას ძალიან უწყობს ხელს. (ოცხელამდე ავიღოთ კარლო კაჭარავა, რომელიც მცირე წრეებისთვის იყო ცნობილი და მრავალი გამოფენისა და ლექციის თუ მიმართული ფოკუსის გამო, დღეს, საბედნიეროდ, სახელოვნებო წრეებს გარეთაც, პოპულარულია.) ამიტომ, მადლობა თბს-ის რომ წელს პეტრე ოცხელს უძღვნის წელს!

[9 თებერვალს "პროექტი 12"-ის წლევანდელი თემის კიდევ ერთი საფეხურის - პეტრე ოცხელით ინსპირირებული ახალგაზრდა ხელოვანების სხვადასხვა მედიაში შესრულებული ნამუშევრების რამდენიმესაათიანი პრეზენტაცია/გამოფენა გაიმართა.] ნამუშევრების ნაწილი, ამ პრეზენტაციიის შემდეგ, საჯარო სივრცეებში განთავსდა/განთავსდება -ესეც ძალიან კარგია. კარგია იმიტომ, რომ ფართო საზოგადოება ნახავს და შეიყვარებს ისევ ოცხელის ნამუშევრებს. ახალგაზრდა ხელოვანების "სამომავლო განვითარებაში ხელშეწყობა" კი ეს რანაირად იქნება, ვერ ვხვდები.

მწარე:) :

უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფერს ვწერ კურატორებთან საუბრის, გამოფენაზე დამსწრე ნაცნობების ზეპირსიტყვიერი გადმოცემიდან, ინტერნეტში ნაპოვნ ფოტოებსა და ვიდეოებზე ნანახ ნამუშევრებზე დაყრდნობით. (მაგრამ დღევანდელ დღეს ხომ მთავარია ნამუშევარი ფოტოზე შედგეს, ან კარგად ინსტაგრამებადი იყოს (ჰეჰეჰჰეჰეჰეჰე))

სათქმელი არის რამდენიმე რამ:

საუნდ და ვიდეო ნამუშევრების გარდა, არც ერთი, არ ყოფილა ახალი. "ახალი" პირდაპირი, ფიზიკური მნიშვნელობით კი არა, - აზრობრივი გაგებით. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ნამუშევრები, თითქმის- ყველა - იყო ოცხელის ნამუშევრების ასლი სხვადასხვა მედიასა და მასალაში, სხვა თაობის მიერ შესრულებული - ანიმაცია, ნეონი, მინანქარი, მაკეტი...

მოკლე ჭკუა არამგონია მქონდეს, მაგრამ, მაინც, იქნებ მაქვს - ჩემი მოკლე ჭკუითა და მორალური ანბანით, რამით ინსპირირება ნიშნავს არა ამ “რამის” ასლის გაკეთებას, არამედ ამავე “რამის” გადააზრებას, შინაარსის, მიზნის, მნიშვნელობის წვდომას, ამ ყველაფრიდან შენი სუბიექტური აზრის შექმნასა და ბოლოს ახლის გაკეთებას. ა ხ ლ ი ს შექმნა კი, თითქმის ყველა ხელოვანის ოცნებაა, ესაა რაც განასხვავებს "ხელოვანს" - "ხელოსნისგან", და ოცნებას რომ თავი დავანებოთ, ესაა, ალბათ, ხელოვნების უპირველესი ღირებულება და ფუნქცია - თუ რამე ინოვაციურს და აქამდე დაუწერელს არ ეხება, უკვე დაწერილი გადაიაზროს, გადაამუშაოს, მიამატოს ელემენტები, და გამოიყენოს როგორც თუნდაც კარკასი, თავისი იდეის დასაშენებლად; სულიერი, ესთეტიკური და აზროვნების ხაზების გასამრავალფეროვნებად.

"პეტრე ოცხელის ნამუშევრებთან დიალოგში შესვლა" - ამ შემთხვევაში მონოლოგი უფრო გამოვიდა სამწუხაროდ, და კიდევ სამწუხაროდ,- ეს მხოლოდ ამ გამოფენის პრობლემა არაა.

როცა კი რამის "გააზრებაზე" იწყება საუბარი, საბოლოო ჯამში, მაინც გააზრების გარეშე რჩება ეს "გასააზრებელი". შეიძლება არც არსებობს აზროვნების ნირვანის მისაღწევად აუცილებელი კულტურულ-ეთიკური გზა რომელზეც სპეციალური ნაბიჯებით უნდა ვიაროთ, მაგრამ at least უფრო საინტერესოა როცა რაღაცის შექმნის მიზეზს ეძებ და იყენებ, როგორც ახლის საფუძველს.

თორე ის კი გავიგეთ და ვხვდებით რომ, ეს ჩვენი ჭაბუკი პეტრე ახლა რო ცოცხალი ყოფილიყო, შეიძლება ეს თავისი დეკორაციები ფიზიკური კი არა ჰოლოგრამებად გაეკეთებინა.

"დრო გადის და ფორმები და აზრები რჩება"-სი არ მჯერა. დრო კი გადის, მაგრამ ფორმებთან ერთად, აზრებიც იცვლება და ამ აზრების განსათავსებელი გარემეოებიც. ამ გარემოებებს კი ახალი უფრო სჭირდება, ვიდრე ერთის და იგივეს გამეორება.

გამეორება ცოდნის დედა დავუშვათ და არის, მაგრამ

გავიგეთ,

უკვე ვიცით.