გიორგი

ბევრი ამბობს რომ პრინტი მოკვდა, მაგრამ აბა სცადეთ და ეს კითხვა ზაინების მკეთებლებს დაუსვით.

Zine არის მცირე ტირაჟიანი, ხელნაკეთი ბუკლეტი ან გაზეთი, რომელიც ტექსტებსა და გამოსახულებებს შეიცავს. ეს მოძრაობა, ძირითადად DIY კულტურაზე იდგა (დგას) და ხშირად სახლის პრინტერზე იბეჭდება. ზაინი არის მისაღები გზა ადამიანებისთვის,რომელთათვისაც აქტუალური თვიდგამოხატვის ფორმები საკმარისი არაა.

დრომ შემოინახა 70-იანების პანკ ზაინები რომლებმაც საი-ფაი გაზეთები, დადას, ფლუქსუსისა და სიტუაციონისტების წიგნები შეცვალა. ზოგისთვის ის პრე-ინტერნეტულ ნოსტალგიასა და რეტროგრადობასთან ასოცირდება, მაშინ, როცა ბევრისთვის ესაა ყველაზე მარტივი გზა შექმნას ხელოვნების ნამუშევარი, გამოაქვეყნოს იდეა, გააზიაროს გამოცდილება, იდენტობა და მარტივად რომ ვთქვათ, იმასაქნას ისე, როგორც სურს.

 

"გიორგი" არის ზაინი. "გიორგი" ყველაფერია.

ამიტომაც ქვია ამ ზაინს "გიორგი" - ეს სახელი, მისი სიხშირის გამო, ქართველობის სახედ იქცა; აქ ყველა და ყველაფერი გიორგია, ამასთანავე, თვალნათლივ ვხედავთ, როგორ მარტივად შეიძლება ათასობით აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათი და ცხოვრება ერთი სახელის ქვეშ არსებობდეს.

"გიორგი"-ს ჯერ მხოლოდ  ორი ნომერი არსებობს ამ დედამიწაზე და ბოლო ნომრის პრეზენტაცია თითქმის გუშინ, პატარა გალერეაში მოეწყო. Print On Eye-ს რედაქტორობით შექმნილი ზაინი DIY პრინციპს ასხამს ხოტბას და იბეჭდება უკვე გამოყენებულ ა4 ფორმატის ოფისის ფურცელზე. ამ ყველაფერს ეკონომიკური, კონცეპტუალური და ეკოლოგიური მიზნით აკეთებენ. ინსტაგრამის ბავშვებისთვის, ბლოგები მოკვდა, საიტებიც მალე მიყვება და გამოსახულებების ოკეანეში ძნელია თავი დაიცვა იმ სპამისგან, რომელიც ყველგანაა, სწორედ ამიტომ, სხვადასხვა არტისტის ნამუშევარი შემთხვევითი გამოსახულებებისა და ტექსტების გვერდიგვერდ იკინძება, რითაც საზღვარი მხატვრის ნამუშევარსა და გარე ინფორმაციას შორის, ბუნდოვანი ხდება. ზოგჯერ შეუძლებელია დაადგინო რა არის ნამუშევარი -  მარცხნივ გამოსახული ზღარბის ფოტო თუ მარჯვნივ არსებული ტექსტი კომპიუტერულ მეცნიერებებზე. 

"გიორგი ერთგვარი კომენტარია, თუ გინდა - შარჟი (?)  თანამედროვე ხელოვნებაზეც, სადაც პოპ არტისა თუ ციფრული მედიების სახელოვნებო სივრცეში გაჩენამ, საერთოდ გააქრო ხელოვნების ელიტურობა და ყოველდღიური მოხმარების ნივთებისა თუ ტექსტების ხელოვნებაში შეტანით, მასზე წვდომა გაზარდა და დაბნეულობის შანსი/ინდექსი ცამდე ატყორცნა.