ზედა წინსვლა

დიდი ხანი თუ არ ილაპარაკებ, თუ საერთოდ არაფერს იტყვი 1-2-3 საათი-დღე-თვე, სათქმელი სიტყვების რაოდენობა საშინლად გაიზრდება და შეიძლება ფიზიკურადაც იგრძნო, როგორ ეჯახებიან ერთმანეთს შენს საკუთარ თავში. ძველი, დავიწყებული ფიქრები ამოტივტივდება, კითხვებად გადაიქცევა და პასუხებს მოითხოვს.

მერე მოგინდება რომ ყველაფერი ერთად თქვა, ილაპარაკო, სანამ არ ამოწურავ სათქმელს. სანამ არ აღადგენ ბალანსს.

"ბავშვობიდან მიყვარდა ჩემი წინაპრების სასაფლაოზე სიარული, განსაკუთრებით აჭარაში. იდუმალებით მოცულ, ჯუნგლებად ქცეულ ბუნებას, თან ერთვის მძიმე და ტენიანი ჰაერი, რომელიც თითქოს გიუმჯობესებს მხედველობას და უფრო მეტად გაწვდის ინფორმაციას იქ დაკრძალულ ადამიანებზე, რომლებზედაც მხოლოდ ლეგენდები გსმენია. მიუხედავად იმისა, რომ ამ სასაფლაოზე ყოველთვის მანქანით მივდივარ, არასდროს არ დამრჩენია შეუმჩნეველი ავტობუსის გაჩერება, რომელიც ზუსტად სასაფლაოს შესასვლელთან არის დანიშნული. გაჩერება მოკრძალებული აგებულებისაა, სადაც აგრეთვე უამინდობის დროსაც შეიძლება თავის შეფარება. ეს მყუდრო თავშესაფარი, ჭერის გარდა მთლიანად არის მოპირკეთებული ფიგურატიული სამოცი სამოცდაათიანი წლების მოზაიკით, რომელიც წარმოგვიდგენს ბარაქიან მოსავლის აღებას, და შემართებით მდგომ ახალგაზრდებს ცის ფონზე. ამ უაღრესად კარგად შესრულებული პანოს ავტორი სამწუხაროდ უცნობია. მასთან მექნებოდა კითხვა, რა შთაგონებით გადაწყვიტა ასეთი ნაყოფით და სიცოცხლით სავსე ნამუშევარი განეთავსებინა სასაფლაოს გაჩერებაზე. აქ თითქოს სიკვდილი და მასთან დაკავშირებული ტკივილი უარყოფოლია."

 

რა უნდა აკეთო უდაბნოში თუ გაქვს წყალი და გაქვს ჩრდილი? პასუხები უნდა ეძებო, ალბათ. ასე მოხდა თეას შემთხვევაშიც, დიდი ხნის იძულებითი პაუზის განმავლობაში, სიტყვებმა თავისი ადგილი იპოვეს და კითხვასაც პასუხი გაეცა: უდაბნოში ყოფნის ბედნიერება ისაა, რომ იცი, სადმე ოაზისს იპოვი.

კერამიკის ღრუბლები და კერამიკის ხილი, ღვინისფერი კედლები და ყურძნის ძუძუები გალერეა ნექტარს ავტობუსის გაჩერებად, ბედნიერებისა და სილამაზის კუნძულად აქცევს, მიტოვებული ბიბლიოთეკის, მონსტრი კორპუსების, ჩანგრეული კიბეებისა და ავტოფარეხების ლაბირინთებს შორის.

 

 

"ზედა წინსვლა" თეა გვეტაძის ძლიერი ფიზიკური ტრავმის შემდეგ შექმნილი პირველი ნამუშევარია, რომელიც გალერეა ნექტარის ატელიეში არის წარმოდგენილი. 

 

 

ფოტოები: Angus Leadley Brown