გაიცანით ლევან ადამია, აფხაზეთიდან დევნილი ბიჭი, რომელიც მსოფლიოს აოცებს

1993 წლის სექტემბერი, მთელი საქართველოსთვის მტკივნეული მოგონებაა. 300 000 საქართველოს მოქალაქეს საკუთარი სახლის მიტოვება და საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში ან უცხოეთში გადაბარგება მოუხდა. მერწმუნეთ, ეს ადვილი არცერთი ოჯახისთვის არ ყოფილა, მაგრამ მათგან რამოდენიმემ ეს ცხოვრებისეული გამოწვევა, უპირატესობად აქცია. ჩვენ დღეს გვინდა სწორედ ასეთ ოჯახზე მოგითხროთ.

ადამიების ოჯახის სახლს ლოს ანჯელესში გარშემო 3 მეტრის სიმაღლის დახვეწილი სტილის გალავანი არტყამს, როგორც შემდგომ საუბრებში ლევან ადამია აღნიშნავს, უსაფრთხოებას და პირად სივრცეს მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
დიდი ზომის საცურაო აუზი, არაჩვეულებრივი პანორამული ხედები ლოს ანჯელესზე ბევრი პალმა და მინიმალისტური სახლის დიზაინი მიგვანიშნებს რომ ამ სივრცეში გემოვნებას დიდი ყურადღება ექცევა. 

მოახლე სასიამოვნოდ გვიღიმის და გვეუბნება რომ ბატონი ადამი 5 წუთში მოიცლის ჩვენთვის, მანამდე კი დრო გვაქვს უკეთესად დავათვალიეროთ სახლის ინტერიერი. სახლს ეტყობა, რომ ლევანი ხშირად მოგზაურობს, ფერებს რაც შეეხება ყველაფერი თეთრ და შავ ფერებშია გადაწყვეტილი. სახლის ყველაზე დიდი სურათი მისაღებ ოთახშია და მასზე სოხუმის სანატორიუმი და მწვანე პალმებია აღბეჭდილი, წარწერით “ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება”, რომელიც შემდგომში მისი სიმღერის “Won't Go Home Without You”-ს ინსპირაცია გახდა.

ლევანი ჩქარი ნაბიჯით გვიახლოვდება და ღიმილიანი სახით გვეუბნება გატეხილ გამარჯობას, თან გვიხსნის რომ ქართული სულ დავიწყებული აქვს და წუხს ამის გამო. საუბარი მისი ოჯახურ მდგომარეობით და ქართული ფესვებით დავიწყეთ. ლევან ადამიას, რომელსაც დღეს მსოფლიო Adam Levine-ს სახელით იცნობს ჰყავს მამა - ბატონი ფრიდონ (ფრედი) ადამია, რომელმაც მისი ერთადერთი, დაობლებული თოთხმეტი წლის შვილი უკეთესი ცხოვრების იმედით შორეულ ამერიკაში წაიყვანა, შორს უბედურებისა და ომისგან. ბატონი ფრიდონი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მას არც კი წარმოედგინა რომ მისი შვილი ამხელა წარმატებას მიაღწევდა მსოფლიოს მასშტაბით.

ლევანი 1979 წლის 18 მარტს დაიბადა სოხუმში. იგი სოხუმის ნომერ მეორე სკოლაში სწავლობდა, რომელიც გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ დაამთავრა. განსაკუთრებით უყვარდა მუსიკა, რამაც მის ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა იქონია. ლევანს ლოს ანჯელესში ცხოვრების ახლიდან დაწყება ძალიან გაუჭირდა მაგრამ, შრომის მოყვარეობით და რწმენით მან გადალახა აკლიმატიზაციის რთული წლები და გაიჩინა ბევრი საჭირო მეგობარი ამერიკაში. 

ჩვენს შეკითხვაზე, ადევნებს თუ არა თვალყურს ქართულ შოუ-ბიზნესა და პოლიტიკას აცხადებს, რომ თავის საქმეში ისეა ჩართული, რომ  გარშემო სამყაროს თითქმის მთლიანად არის მოწყვეტილი. იგი მადლობას უხდის საქართველოს კულტურის სამანისტროს და პროგრამა Check-in Georgia-ს რომ მისცეს წვიმაში სიმღერის საშუალება და აქვე აცხადებს, რომ სიამოვნებით ჩაერთვება სხვა წინასაარჩევნო კამპანიებში სადაც მთავრობა გულუხვად უხდის ბიუჯეტის ფულს მუსიკოსებს.

საუბრის დასასრულს, ვარკვევთ თუ რატომ არ სტუმრობს საქართველოს ხშირად. მიზეზი კი მარტივია, ლევანს არ სურს ის ტკივილი ხელმეორედ განიცადოს, რომელიც საქართველოს პირველად დატოვების დროს განიცადა. წლების განმავლობაში საქართველოსადმი დაგროვილ ნოსტალგიას სიმღერებით იქარწყლებდა. ამის თვალსაჩინო მაგალითია 2012 წელს ჩაწერილი სიმღერა “Beautiful Goodbye”, რომელმაც მას  12 მილიონ დოლარამდე მოუტანა და  ამერიკის, წლის 100 ყველაზე “ცხელ” სიმღერაში მოხვდა.

მასთან საუბარში გამოიკვეთა, რომ ქართული ეტიმოლოგია მის სხვა სიმღერებშიც იჩენს თავს. მისი ქარიზმატული ბუნებიდან გამომდინარე ქართული სიტყვა  “ჯიგარი” მისი გონებიდან არ წაშლილა. იგი ღიმილით გვიმხელს, რომ Maroon 5-ის ერთერთი ყველაზე პოპულარული სიმღერის “Moves Like Jagger” სამუშაო სათაური იყო “Moves Like Jigar” და ის კლიპის ჩაწერის დროს ცდილობდა ნამდვილი “ჯიგარივით” ემოძრავა.

ამით მთავრდება ჩვენთვის გამოყოფილი 30 წუთი, რასაც ლევანის პროდიუსერი გვანიშნებს. დამშვიდობების დროს კი გვიმხელს, რომ ბათუმში სიმღერის დროს თავი ფილმ “ფესვებში” ეგონა, როდესაც ამდენ გაშლილ ქოლგას და ლოდინით აღსავსე თვალებს უყურებდა მშობლიურ საქართველოს მიწაზე დაბრუნებული, იძულებით გადახვეწილი შვილი (თვალზე ცრემლი მოადგა).

სასიამოვნო ემოციებით დატვირთული ვბრუნდები სასტუმროში ბარგის ჩასალაგებლად, ფრენა დილის 6 საათზე მაქვს, მანამდე კი უნდა მოვასწრო Gar-Gar-ის თბილისის წარმომადგენლობისთვის სტატიის მომზადება ადამ ლევინზე, რომელიც ცდილობს “ჯიგარივით” იმოძრაოს.