საბჭოთა ცისარტყელა - მაღაზიიდან მუზეუმამდე

აგერ, რამდენიმე დღის წინ, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში, ირინა პოპიაშვილის კურატორობით, ნინო ქვირივიშვილის ნამუშევრებისთვის ორი ოთახი გაიხსნა, რომელიც პროექტის „არტისტული ინტერვენცია მუზეუმში“ პირველი გამოფენაა და მუზეუმის ისტორიის, ქართული აბრეშუმისა და ქსოვილების ინდუსტრიის თემაზეა შექმნილი.

რაც ყველაზე მეტად მოგვეწონა და გვესიამოვნა იყო ექსპოზიცია. შექებას იმსახურებს როგორც პირველი, მთლიანად ნამუშევრებისთვის განკუთვნილი ოთახი, ასევე მუზეუმის მთავარი საგამოფენო სივრცე, სადაც სამუზეუმო ექსპონანტებს ძალიან ორგანულად ერწყმოდა მხატვრის ნამუშევრები და მნახველს, რომელთა დიდი ნაწილი, ჩვენი მოუკრძალებელი დაკვირვებით, პირველად იყო ამ მუზეუმში, აიძულებდა მუზეუმის ექსპონანტებიც ეთვალიერებინა და არც თუ ისე მცირე ინტერესითა და სიამოვნებით.

 

 

/გამოფენის სათაური „საბჭოთა ცისარტყელა“ ეხმიანება თბილისის აბრეშუმის ფაბრიკის სახელს და ამჯერად, თითქმის შეწყვეტილი ინდუსტრიის ნაწარმი არტისტის ნამუშევრებით ახალ კონტექსტში წარმოგვიდგინა. კონცეპტუალურად ნინო ქვრივიშვილის გამოფენა აბრეშუმის მუზეუმის საზღვრებს გარეთაც გრძელდება. არტისტის გამოფენის ბანერები ქალაქში განთავსებულია იმ ადგილებზე, სადაც 25 წლის წინ თბილისელებისთვის ნაცნობი ქსოვილების მაღაზიები იყო. ამგვარი ხერხით, ნინო ქვრივიშვილმა წარსული და აწმყო ემოციურად დააკავშირა და თბილისელებს კიდევ ერთხელ შეახსენა ის ადგილები, სადაც უფროსი თაობის ადამიანებისთვის ნაცნობი და საყვარელი მაღაზიები იყო განთავსებული...არტისტმა საბჭოთა პერიოდში თბილისის ფაბრიკის გამოშვებული ქსოვილები მოიძია და ისინი მუზეუმის რეკონსტრუქციის შედეგად გადარჩეულ ნივთებთან კომბინაციით ახალ კონტექტსში, ახალ ნამუშევრებად წარმოგვიდგინა./ - აი, აქ კი აუცილებლად უნდა ვთქვათ რომ, ნამუშევრების დიდმა ნაწილმა ჩვენი სასიქადულო მხატვარი - გოგი ოქროპირიძე გაგვახსენა, რაც შეიძლება არაა ცუდი, ან შეიძლება არის, გააჩნია.

ფოტო: გურამ კაპანაძე

კიდევ იმის თქმა გვინდა, რომ ისევ  ნასიამოვნები ვართ და მგონი, მსგავსი რაფინირებული გამოფენები თვეში ერთი მაინც რომ მოგვცეს ხელოვნების ღმერთმა, ავშენდებით და ეგაა.