სიტყვის მუზეუმი

რანაირი აბსტრაქტულიც არ უნდა ჩანდეს, ეს ორი სიტყვა ერთად: "სიტყვის მუზეუმი" ძალიან რეალური რამაა, რომელიც მარიამ ნატროშვილისა და მაგდა გურულის კურატორობით, ლიტერატურის მუზეუმში გაიხსნა.

მუზეუმი მუზეუმში, სიტყვა - საქმეში. 

ილიკო ზაუტაშვილი - ეს შენ ხარ

ეს არის გამოფენა, რომელშიც ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი სიტყვაა და სადაც ქართველი მხატვრების ტექსტზე დაფუძნებულ ნამუშევრებს ნახავთ. კოდი, შიფრი, ლექსი, ფერწერა, ფოტო, სკულპტურა, ინსტალაცია, ნეონი, მეტალი, წიგნი, შავი, თეთრი და ვარდისფერი; რომანტიკული და უხეში, მელანქოლიური და ბილწი. ყველანაირი.

ზურა ჯიშკარიანი/თინა სირაძე - HELLOWORLD

ლევან ჭოღოშვილი/არჩილ ჭოღოშვილი

კურატორები ასეთ რამეს გვეუბნებიან და ჩვენც გვჯერა: "გამოფენზე წარმოდგენილია ტექსტზე დაფუძნებული ნამუშევრები, რომლებშიც სიტყვა და ტექსტი პირველადი შემოქმედებითი იმპულსის მატარებელი, კონცეპტუალური კომპონენტია. ეს არის განმარტებითი, მისტიფიკაციური, დეკლარაციული, სპონტანური ან წინააღმდეგობრივი ტექსტები. ისინი თან ერთვიან იმიჯს, ობიექტს, ან თვითონ გარდაიქმნებიან იმიჯად...ტექსტზე დაფუძნებული ნამუშევრები მაყურებელს მათი გააზრების უფრო აქტიურ პროცესს და ჩართულობის მეტ დიაპაზონს სთავაზობს, რადგან ნამუშევრის პერცეფცია, ამ დროს, სცილდება ვიზუალურ, თვალის საამებელ, “მხოლოდ მხედველობით” (“only retinal” Marcel Duchamp) აღქმას და მნახველს ნამუშევრის ხილული, “ფიზიკური სხეულის” მიღმა, საკუთარ გამოცდილებაში და წარმოდგენებში აგზავნის. "

 

გურამ წიბახაშვილი, არჩილ თურმანიძე, კოტე ჯინჭარაძე, მამუკა ჯაფარიძე

გამოფენა - მუზეუმად - მუზეუმში, თუნდაც დროებით, როგორც პატივის მიგება დაკარგული გმირისადმი; 90-ანი წლებიდან დაწყებული და სპეციალურად გამოფენისთვის შექმნილი ნამუშევრების ნახვაა შესაძლებელი: მარიამ ნატროშვილი/დეთუ ჯინჭარაძე, ილიკო ზაუტაშვილი, კოკა რამიშვილი, მამუკა ჯაფარიძე, გურამ წიბახაშვილი, კარლო კაჭარავა, ლევან ჭოღოშვილი/არჩილ ჭოღოშვილი, ნიკო ცეცხლაძე, კოტე ჯინჭარაძე, გიო სუმბაძე, არჩილ თურმანიძე, მაქს მაჩაიძე, ზურა ჯიშკარიანი/თინა სირაძე, ანდრეა დოლიძე, ჯგუფი "ბულიონი".

ჯგუფი "ბულიონი" - სიტყვა

ცოტა თვალის დაგვაკლდა ვიდეოები და თუნდაც, საუნდ ხელოვნება, რადგან  ციფრულ მედიაში შესრულებული ნამუშევრებიდან, მხოლოდ  კოკა რამიშვილის უკვე დედმამიშვილივით ნაცნობი ვიდეომ "სიგნალი" დაიმკვიდრა მუზეუმში ადგილი.

კოკა რამიშვილი

 ყველაფერი მაინც ოცნებას ჰგავს: "სიტყვის მუზეუმი" , მაშინ, როცა, ჩვენი დაკვირვებით, დღეს მხატვრები ტექსტთან მუშაობას უფრო არიდებენ თავს, ვიდრე ადრე; ალბათ, ეშინიათ სიტყვით უფრო მალე და პირდაპირ არ გაიგოს მათი სათქმელი მნახველმა, ან უბრალოდ, არაფერი აქვთ სათქმელი, ან შესაფერის გზას ეძებენ. მაგრამ, ჭირსა შიგან რაც უნდა, ეგ ყველამ ვიცით და ხშირად რომ თქმა სჯობს უთქმელობას, ეგეც გაგვიგია. 

ნიკო ცეცხლაძე - ყინული

ანდრია დოლიძე -ვიხილები და მოვდივარ

სიტყვის თქმის და სიტყვის გამოყენების სტიმულად ეს მუზეუმი მივიღოთ და იქნებ, ცოტათი მაინც შევამციროთ თვითცენზურა. მერე რკინის წიგნშიც ჩაგვწერენ და მუზეუმშიც დავიდებთ ბინას და ეზოს.

თემო ჯავახიშვილი -  რკინის წიგნი

 

სხვა რა,

ლიტერატურის მუზეუმის კედლები ნამუშევრების გარეშე საშინლად გამოიყურება და მარტივი შეკეთება არაფერს აწყენდა და ისე,

 

ვინმემ რომ გვკითხოს, გამოფენას აკრედიტაციასაც მივცემდით მუზეუმთა მუზეუმში და ადგილსაც დავუკავებდით, თუ სადმე დასჭირდებოდა.