დიზაინი არ არის, ვერ ჩამოიტანეს

როგორი არ უნდა იყოს წლის საუკეთესო ყდა, ყდა ჩვენი არსობისა, მაშინ,  როცა დიზაინი არ არის, ვერ ჩამოიტანეს?!

მოვიდა ამბავი, ამა წლის 20 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლმა “ლიტერა”-ს კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები გამოავლინაო.
როგორც ცნობილია, კულტურის სამინისტრო ყოველთვის მხარს უჭერს მსგავს პროექტებს, და აგერ, წელსაც 5 გამოცხადებული ნომინაციიდან 5 გამარჯვებული მივიღეთ:

წლის საუკეთესო საბავშვო წიგნი - ნინო სადღობელაშვილი - „განძის თეატრი“ („ინტელექტი“)

 

წლის საუკეთესო დებიუტი - ნანა ექვთიმიშვილი - „მსხლების მინდორი“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული - ბესიკ ხარანაული - „ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს“ („ინტელექტი“); ზვიად რატიანი - „შენთვის შეიძლება“ („დიოგენე“)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული/რომანი - დათო ქარდავა - „ესავის ხელები“ („ინტელექტი“)


წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი - სერია „ამერიკელები“ („დიოგენე“); ყდის დიზაინი: ბესიკ დანელია.

თუმცა ამ 5 ნომინაციიდან ყველაზე საინტერესოა მაინც წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი. 
ამერიკული სერია დიოგენესგან. 


რა ხილია ეს “ამერიკელები” არ ვიცით, თუმცა გადმოქართულებული ამერიკელები სხვადასხვა სიბრტყეზე კი ვნახეთ, ვნახეთ უსიცოცხლო  ფერთა გამა, არშემდგარი კომპოზიცია და ფონტი, როგორც ცალკე ობიექტი. მართალია, ქართული შრიფტების არჩევანში საკმაოდ შეზღუდულები ვართ, თუმცა, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი არჩევანია ყდის დიზაინისთვის, დიზაინისთვის რომელიც პირველადი გზაა მაყურებლიდან მკითხველის ფაზაში გადასასვლელად. 
არ დავიწყებთ “ამერიკელები”-ს სერიაში ღრმად ჩახედვას, ჩვენთვის საკმარისია ზედაპირულად მიღებული ემოციები, რომელსაც საერთოდ არ მივყავართ წიგნის შეძენამდე. 
რაც გვინახავს, აღარ ვნახავთ.
“ამერიკელები”-ს სერია თავისი “მინიმალისტური” დიზაინით, რომელიც მინიმალიზმის ჩარჩოებიდანაც ამოვარდილია. სამწუხაროდ, არ ვიცით რას შეიძლება მივაკუთვნოთ, და არც ის ვიცით თუ რატომ უნდა იყოს თეთრი სტიკერი წლის საუკეთესო დიზაინი. ალბათ, წელს გამოსული სხვა წიგნები მოგველანდა, ან გამოვიგონეთ, როგორც ინტრიგანებმა. მაგრამ, იმასაც კი ვერ ვიტყვით რომ “ჟიურიმ უკეთ იცის”.  მაგრამ ყველგან და ყოველთვის მინიმალიზმი არ და ვერ ჭრის. რა ქნას, არ უნდა.

კონკურენტი ყდების გადახედვისას დავასკვენით, რომ ჟიური სადღაც შორს ამერიკაშია, ცხრა მთას იქეთ, ან უბრალოდ აქაა, მწერალთა სახლში და სრულიად არაფხიზელ მდგომარეობაში.
“ქართული ლექსი”, “პარტიზანობის სტრატეგიები ხრიოკ ლანდშაფტში”, “კუნძულის შესაძლებლობა”, რომ პირდაპირ ჩაგრავს “ამერიკელები”-ს სერიას თავისი დიზაინით, ამას არ უნდა დამტკიცება.

ხოდა აენთო ხალხიც, ვითარცა ნაპერწკალი და დაიწუნა არჩევანი ემოციური თუ პროფესიული კომენტარებით.

5000 ლარი “საუკეთესო” 16 ფერისთვის და, რა თქმა უნდა, წახალისება, წახალისება, წახალისება, წინ გადადგმული ნაბიჯები, დიდება, ქვითინი, ჯილდო, ისევ კონკურსი, ისევ დაჯილდოვებ და ტირილი ისევ, იმიტომ რომ არ ვარგა კი არა, არაა საუკეთესო და იმიტომ, რომ - ვიცით.