დღე უკანასკნელი უკუნსა შინა

მეოთხე დღე. დღე უკანასკნელი.

სტუმრები აქამდე ხომ ინტერესით კვდებოდნენ და ახლა ბოლო დღეს, ალბათ, უკვე ცოცხლები აღარ იყვნენ, რადგან ათი კაცი თუ ვესწრებოდით ჩვენებას, ამ ათიდან 7 მოდელი და დანარჩენი ჩვენ.  ჩვენ.

სეზონის დახურვამდე და ბოლო ჩვენებამდე თავს პატარ-პატარა, დამწყები დიზაინერების ჩვენებებით შევიქციეთ:  Atelier 27, Blue Flax (უკრაინა), Diphylleia, Nini Chelidze, Tamanini, Tamta Shindelishvili. ყველას კი უნდა ფეშენ ვიქზე, მაგრამ რა იციან, რო გართობა არაა და გუნდა არ კეთდება.

ვნახეთ Diphylleia-ს აჭაბაჭა ყვავილებით მირთულ-მორთულ-აკაზმული პრეზენტაცია; Atelier 27-ის სამი ფერი : წითელი, შავი, თეთრი და რა თქმა უნდა; მერე მოვუსმინეთ Blue Flax-ის უკრაინულ ჟღურტულს და ბევრი არაფერი გვინახავს; თვალს დარიშხანი დავალევინეთ თრენდს გარეთ მდგომი დედოფალ Nini Chelidze- ის ზედმეტად შემოტკეცილი შარვლებით; მოვიხილეთ Tamanini -ის წყალქვეშა სამყარო უთევზოდ და Tamta Shindelishvili -ის რაღა ვქნა-გლამურ-გლამურ-გლამური. ვიყავით - “შეზღუდული” შესაძლებლობის მქონე პირების ნამუშევრების პრეზენტაციაზე, რომელიც იმას ჰგავდა, რამე საშუალო მოწყენილობის დონის ფილმში, უცებ რამე დრამატულს რომ გაჩითავენ და რომ გიჩუყდება. გული.

ბოლო, დახურვის ჩვენებაზე ხალხი მოგროვდა, მოქუჩდა, ერთი რიგი, ორი რიგი, სამი რიგი. 

ყოველთვის ვიცით, რომ სხვა ფერს არ უნდა ველოდოთ, ეს შაღაშვილია. თუ 93 კოსტუმს კერავს, მაშინ ეს 93-ჯერ შავია. 

თემა - ი ა პ ო ნ ი ა. ისე, ეს იაპონია მაგრად გვევასება,  ან არ გვევასება და გვემარტივება, ან რა ვიცით რატო, ან თრენდული გვგონია სულ; შაღაშვილმაც აი, იაპონიაო და ჰაო. 

კოპლებიანი ქვედაბოლოები, შავზე შავი, კიმონოს სტილის კაბები, გეიშა შავი ტყავის ზურგჩანთით. შავის მრავალფეროვანი ტონები ფენებად ერთმანეთზე და პირიქით.

ამ  ი დ უ მ ა ლ ე ბ ი თ  გაწყობილი ჩვენება თაკო ჩხეიძემ დააგვირგვინა, ჭრელი კიმონო/მოსასხამით, რომელიც, აი ასე: დრამატულად, არტისტულად, გადასარევად, ნარნარად, ეფექტურად იხდის ჩვენების ბოლოს და უბრუნდება შაღაშვილის მრავალფეროვან შავ ფერს. ძალიან მოსაწყენია, მეგობრებო. ძალიან.

დაახლოებით 40 წუთიანი ჩვენება ტაშით, გაგიჟებული სიხარულით, “მტკივა, მაგრამ მაინც ვიღიმი” სახეებით და ოვაციებით დასრულდა. 

აღსრულდა დასასრული.

 

გვიხარია და მადლობა გვინდა ვუთხრათ ჩვენივე თავებს  4 დღიანი თავდადებისა და ღვინის სმისთვის.

ჭირი აქა, ლხინი აქა, ქატო აქა, ფქვილი აქა.

ჩაო ბელა!