მეცამეტედ მოსვლა, ანუ როგორ დაიწყო მოდის კვირეული

/და აღსრულდა მოსვლაი იგი მეცამეტის მოდის კვირეულისა./  

ყველაფერი სტანდარტულად, თუუუმცაა ნაკლებად ხარისხიანად. 

ქართული ბომონდი ამ სეზონს ნაკლებად დაესწრო, ჯამში კი უფრო მეტი ცარიელი ადგილის მომსწრენნი გავხდით, რაც უკვე ცნობილი დიზაინერების ნაკლებობით იყო გამოწვეული, ალბათ. 

შეიძლება დავღონდით კიდეც და გულიც გვეტკინა დაპირებული დემნა გვასალია რომ ვერ ვნახეთ თბილისში, ის ხომ ამ სეზონის ერთი მთავარი სტარი უნდა ყოფილიყო.
შეიძლება გაღიმებულებიც კი დავრჩით. მაგრამ დიდადაც არ გაგვიღიმია:  დემნიკო, სადაც არის, იქ უფრო სასარგებლოა, ვიდრე თბილისი მოდის კვირეულზე იქნებოდა. 

 

მე-13 სეზონი დაიწყო ლაკო ბუკიას ჩვენებით.  ლაკოს შესახებ ბევრი ვიცით,თუმცა ნაკლები დაგვიწერია.  
ტყავი, ტყავი, ტყავი. ხავერდი. პრინტი.

 

წითელი,მწვანე,ლურჯი. მოხარშული და უმი ტყავი - ასეთია ლაკო ბუკიას შემოდგომა-ზამთარი. კერამიკის ფილებიდან აღებული პრინტი გადატანილი ხავერდის მარტივი ფორმის კაბებზე. ლაკო ბუკიას  RGB ტყავები თურმე ყველაზე კარგად ეხამება ადამიანის შიშველ ტყავს.
საერთო ჯამში, ორი ხაზი კი გამოიკვეთა ამ ჩვენებაში : ტყავი და ხავერდი, მაგრამ მაინც რაღაც სვანურ მარილს მოვაყრიდით მთელს კოლექციას. ერთი-ორგან. ან სამგან.

 

 

მერმე იყო Chubika.

ჩუბიკას ყველა იცნობს, ვინ არ იცის ჩუბიკა, ჩუბიკა ყველამ იცის.
ჩუბიკამ თავისი სახელი დიდი ხანია დაიმკვიდრა მოდის ინდუსტრიაში, თუმცა მას განიხილავენ არა მხოლოდ როგორც დიზაინერს, არამედ როგორც არტისტს. ცამდე მართალია, რომ გამორჩეული ფიგურაა დღევანდელ ქართულ მოდის ინდუსტრიაში, თუმცა არა ცვალებადი; ნაკლებად ცდილობს იყოს ტენდენციური და მრავალფეროვანი. საკუთარი პოზიციების დაცვა და სათქმელის მუდმივად, ასე თუ ისე, ერთი ფორმით გადმოცემა კი კარგია, თუმცა აგერ ჩვენთვის, ცოტ-ცოტა მოსაწყენი.

 

 

პერფომანსების მოყვარული დიზაინერმა პაუზის შემდეგ, ისევ ის ქნა რომ პერფორმანსი არ დაგვაკლო, სიმართლე თუ გინდათ, ცოტ-ცოტა დავიტანჯეთ, სწრაფ და კომპაქტურ სამყაროს შეჩვეულები. მაგრამ ის კი დავინახეთ, რომ ამ სეზონზე ძირითადი ფერად შავი მოგვივლინა და ისევ ტყავზე იმუშავა, როგორც სჩვევია. 

 

 

 

ჩუბიკადან გადავინაცვლეთ ოპერაში. განახლდა ჩვენი ლამაზი ოპერა და მაშინვე მოდის სიყვარულით გულანთებულებმა დაითრიეს და Dalood -ის ჩვენება გამართეს. კლასიკური შავ-თეთრი, კუბოკრული, მარტივად და პირდაპირ ელეგანტური სამოსი. Dalood-ის შეოდგომა-ზამთარი ეძღვნება ქალს, რომელიც არცერთ ელიტურ ტანცი-მანცს არ იკლებს და რომლის ადგილიც ოპერაშია. მაგრამ ზოგჯერ სხვაგანაც.

 

ფოტო: თბილისის მოდის კვირეული

 

ეს იყო დღეი პირველი. 


რუმსის ეზოში, შეზლონგზე წამოკოტრიალებულები, კაი-კაი ღვინით ხელში და საყლაპავ მილში, კიდევ ერთხელ დავფიქრდით და კიდევ ერთხელ დავიჯერეთ, რომ მოდას აყოლილი ხალხი თბილისში რეალობა არაა, ეს ხალხი, რომლებსაც ფეშენ ვიქზე ვხედავთ, ან სულ ევროპებიდან ჩამოსულები არიან, ან კიდევ გვეჩვენებიან და ვატყობთ, ეს თვითონაც კარგად იციან. გულის სიღრმეში, ოღონდ.