ჯოჯოხეთი მოდის

თბილისი ხოა მთავარი ქალაქი საქართველოში, ხოა მექა და მედინა ქართული გართობის და ხომ გვაქვს ოთხი, ასე თუ ისე, მთავარი კლუბი, ხოდა ახლა ამ ყველაფერს ჯოჯოხეთიც (H3LL) ემატება.

/ H3LL - არის იმ დამაყრუებელ ხმათა ერთობა ყალბი ფეხსაცმლის მაღაზიების, გარეუბნის ავტობუსებისა და ბინძური შუკებიდან რომ გამოდის. გვსურს, ისე გამოცოცხლდეთ, თითქოს სიცხისგან ადუღებულ უდაბნოში ბედუინებთან ერთად ცეკვავდეთ, ბანგლადეშში გემით მიცურავდეთ, მეკობრეთა რადიოს უსმენდეთ აღმოსავლეთ ლონდონის გარეუბნებში, ან ყარაჩის ვიწრო, გაუკვალავ ქუჩებში იკარგებოდეთ, ან ნიუ-იორკის სევდიან ბარში უმშვენიერეს ტრანსგენდერთან ერთად აბოლებდეთ მოსაწევს, ანდაც ანგელოზივით ლამაზი მძარცველები მოგსდევდეთ სტამბულის უსასრულო ბაზარში.../

 

პროექტის ღმერთი, AGHNIE, ამბობს, რომ ქალაქში არ არის ვენიუ, სადაც შეიძლება მოისმინო მუსიკა techno/house/disco-ს გარდა, (რაშიც ვეთანხმებით) და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, უკვე არსებული კლუბის, Heaven-ის FUCKED-UP ვერსიის შექმნა, რა თქმა უნდა, სხვა ტიპის მუსიკით. H3LL არის მოგზაური ივენთი, სადაც იქმნება World Club მუსიკა და რომლის მთავარი მიზანიცაა, მისცეს მსმენელს შესაძლებლობა მოისმინოს ისეთი ჟანრები, როგორიცაა kuduro, trance, bhangra, neo-industrial, pop, grime, tribal, hiphop, experimental electronica, future r&b და სხვა ჟანრების სინთეზი. 

 

პირველ ივენთამდე მთავარი თიზერი პოსტერებია, რომლებსაც ერთი მთავარი, NetArt-ის ხაზი მისდევს. "მუსიკალურად ჩვენს ესთეტიკაში იგრძნობა World Club- ის დიდი გავლენა, რომელშიც არის სხვადასხვა  ჟანრები ჰიბრიდიზებული და მათ სინთეზს უფრო ექსპერიმენტული ფორმით წარმოვაჩენთ. შეიძლება მსმენელმა მოისმინოს Rihanna-ს აკაპელა და ჰორორ ფილმის საუნტრეკიდან სემპლი ერთდროულად.. რაც შეეხება ჩვენს ვიზუალურ მხარეს, ძალიან დიდი დოზით იგრძნობა მაქსიმალიზმი, გრაფიკული იმიჯების მუტაცია და ჰორორი. " 

 

ჯერჯერობით პროექტის პატრონები ორნი არიან, AGHNIE და ბესკა, მაგრამ მათი თქმით, სიამოვნებით ითანამშრომლებენ იმ მუსიკოსებთან, რომლებიც ამ ვენიუს კონცეპტთან შესაბამის მუსიკას შესთავაზებენ. და არა მხოლოდ მუსიკოსებთან, ვინაიდან გეგმავენ ინსტალაციებს და პერფორმანსებსაც. 

და ასე, ჯოჯოხეთში გველოდებიან - 16 აპრილს, CCA-ს ტერიტორიაზე, უზნაძის 49 ნომერში, ტრანზიციის არქივი  21:00. დანარჩენი ყველაფერი აქ : https://www.facebook.com/events/1585282868451134/