ხუთი წარმოსახვითი და ერთი ნამდვილი ინტერვიუ ვირტუალური რეალობის შესახებ

 

Stephane :  “I have some glasses that you can see real life in 3D.”
Stephanie: “Isn’t life already in 3D?”
Stephane: “No, … but, yeah, but … Come on, I mean, do you wanna … do you wanna try it?”

 

 

 

1. კომბლე


- რაც თავი მახსოვს, მთელი ცხოვრება ეგრე ვცხოვრობდი: კომბლებს ვთლიდი და ჭერში ვაწყობდი. ბატკნებს ვუვლიდი, ბატკნებს ვკარგავდი, ჩიჩიას ვეძებდი, ჩიჩიას ვპოულობდი. ამას წინათ კომბალს ვთლიდი და უცებ გამომეცხადა როგორც მეუბნება, მორფეუსი. მეკითხება, წითელი აბი გინდა თუ ლურჯი. მე ვეკითხები, ვინ ხარ, რა გინდა, რა აბი. ის მპასუხობს, შენი ყველა ცხვარი დიდი ხნის მკვდარია, შენ კიდევ სინამდვილეში ჰაერში იქნევ ხელებს. რა ხელებს? კომბლებს ვთლი. არაფერს არ თლი. ჰაერში იქნევ ხელებს. გინდა ნახო? აჰა შენ წითელი აბი. არ გინდა და აჰა ლურჯი და არაფერი არ მითქვამს. დიდი ვინმე გონია თავი. მე ვეუბნები - იცი რას გეტყვი? შემთხვევით ჩემ ზღაპარში ხო არ მოხვდი? გავაგდე და გავაგრძელე კომბლების თლა თუ ხელების ქნევა. ყველანაირი აბის მეშინია.


   
2. წითელი აბი  


- მას მერე რაც რეალობის კინოფირზე კოპირება დავიწყეთ, ჩვენი მიზანი იყო მასთან მაქსიმალურად მიახლოებული ასლი შეგვექმნა. გვინდოდა ყველაფერი რაც შეიძლება მეტად დამაჯერებელი ყოფილიყო მაშინაც კი, როცა საქმე სრულიად უტოპიურ წარმოსახვით სამყაროებზე მიდგებოდა. მაგალითად, ფილმის ყურებისას რამდენად ხშირად ფიქრობ იმაზე, რომ ხმის წყარო სინამდვილეში არა პერსონაჟი, არამედ მისგან სრულიად დამოუკიდებელი აუდიო-მოწყობილობაა? ვიზუალურ პერსონაჟებს საუბარი არ შეუძლიათ. ისინი უბრალოდ იმ ხმასთან სინქრონიზებულად ამოძრავებენ ტუჩებს, რომელიც დინამიკებიდან ან ყურსასმენებიდან ისმის, ამით კი ილუზიას გიქმიან თითქოს მართლა ლაპარაკობენ. ყველაფერი ხელოვნურად, ოღონდ ზუსტად შეწებებული ნაწილებისგანაა შეკოწიწებული. კარგია, რომ ფილმის ყურებისას ამაზე არ ფიქრობ რადგანაც როგორც (იესოს, ბუდას, პაულო კოელიოს ან რომელიმე ფეისბუქელი ფრენდის) სამოტივაციო ციტატა  გვეუბნება, ყველაფერი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი ირწმუნებ. 


როდესაც კინო-დარბაზში ზიხარ და 3D სათვალე გიკეთია, ის რაც ფილმში ხდება, შენგან ხელის გაწვდენაზეა. ობიექტები ისე ახლოს მოფრინავენ, ზოგჯერ გგონია შეეხები კიდეც და ამიტომ დროდადრო ხელსაც ნამდვილად იწვდი. ეს ნიშნავს იმას, რომ შენი ტვინი ტყუვდება, მერე რა, რომ 3D სათვალე ცხვირს გტკენს და რიგ შემთხვევებში მხედველობის დამიზნებაზე შრომაც გიწევს გაორმაგებული გამოსახულება რომ არ დაინახო. შენი ტვინი ცოტათი მაინც ტყუვდება. ცოტათი იმიტომ, რომ სამგანზომილებიანი ფილმი არ არის რეალობასთან მაქიმალურად მიახლოებული. მაყურებელი - ალთასაა, ფილმი - ბალთას. სხვანაირად რომ ვთქვათ, თითქოს ფანჯრიდან იყურები და ხედავ - გარეთ მზე ანათებს, მეზობელი პურზე მიდის, ბავშვები თამაშობენ, მაგრამ მერე შენ რა? შენ ფანჯრიდან უყურებ და ამიტომ პასიური დამკვირვებელი ხარ. ეგ მზიანი გარესამყარო ახლა იმ მეზობლის რეალობაა, ვინც პურზე მიდის, ხოლო შენი რეალობა ამ წუთას ისაა, რომ თავი დროზე შეყო სახლში და მუშაობა გააგრძელო. ვირტუალური რეალობა უკვე ცდება ფანჯრის ჩარჩოებს და 360 გრადუსიან მხედველობის ველში გაქცევს. აღარ არსებობს ეკრანი, აღარ არსებობს ფანჯარა. "გიგლა, გეყოფა სწავლა, ახლა კარგია გავლა." შენ უკვე გარეთ ხარ. მზე განათებს. მეზობლის უკან დგახარ. გამარჯობა, მეზობელო. მოიცა, უკანაც გაიხედე. ის ბავშვები ისევ იქ თამაშობენ. აი, კატამ გადაგირბინა. მოიხსენი VR სათვალე და ვუალა! ისევ ოთახში ხარ. რა ხდება ამ დროს? ამ დროს შენი ტვინი უფრო საფუძვლიანად ტყუვდება. VR ხელსაწყოები, იქნება ეს Oculus-ის, Sony-ს, Samsung-ის, Google-ის თუ მეზობელი ჯემალის, ერთი პრინციპით მუშაობს - თითოეულ თვალს ბაძავს და ორივესთვის ცალ-ცალკე ქმნის სტერეოსკოპულ სამგანზომილებიან გამოსახულებებს.  თავის მოძრაობასთან ერთად ეს გამოსახულებები ისე ბუნებრივად იცვლება, როგორც სინამდვილეში შეიცვლებოდა. ეგ კი არადა ზოგი უკვე სენსორების საშუალებით თვალების ცეცებაზეც რეაგირებს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ ეპოქაში! 

 

 

3. Homo Empatheticus


-  ადამიანები ჩაკეტილი სისტემები არიან.  ჩვენ არ გვესმის ერთმანეთის. ვერბალური კომუნიკაცია სრულიად არასრულყოფილია, ხოლო არავერბალური - კიდევ უფრო უარესი. მე გისმენთ და ვცდილობ თქვენი თავიდან ჩემს თავში გადმოვიტანო ინფორმაცია. კარგი იქნებოდა ასეთი შემთხვევებისთვის ინფორმაციის გადამტანი მილი გვქონოდა და ჩვენი თავები დროებით ერთმანეთისთვის დაგვეკავშირებინა, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ინფორმაციის გადამტანი საცერი გვაქვს.  მე ვერ შემოვძვრები თქვენს თავში, თქვენ ვერ შემოძვრებით ჩემსაში, მე ვერ დავინახავ სამყაროს თქვენსავით, თქვენ-ჩემსავით. ჩვენ არ გვესმის ერთმანეთის, ამიტომ შეუძლებელია ჩვენი ურთიერთობა ოდესმე სრულფასოვანი იყოს.


მიუხედავად ამისა, მაინც მუდმივად კომუნიკაციის მცდელობის პროცესში ვიმყოფებით. როგორც გითხარით, მე არ შემიძლია თქვენს თავში შემოსვლა, მაგრამ სამაგიეროდ შემიძლია შევიდე რომელიმე თავის სიმულაციაში, მის გამარტივებულ ვარიანტში, რომელიც პირდაპირ მზამზარეულად ჩემთვის ააწყეს პატიოსანმა ადამიანებმა და წარმოვიდგინო, რომ ნამდვილად სხვა ცოცხალი არსების თავში ვარ. ვირტუალური რეალობის სამყარო სწორედ მისწრებაა ასეთი ექსპერიმენტებისთვის.  ამ შემთხვევაში საკმარისი არ არის, რომ შენ იქ ხარ, უფრო მნიშვნელოვანია შენ იქ ვინ ხარ. მაგალითებს გიყვებით:


"იყავი ის, ვინც სინამდვილეში არ ხარ" - უთხრეს  Flatpack Film Festival-ზე ფილმ-ინსტალაციის The Doghouse ხუთად ხუთ მაყურებელს და ზუსტად ხუთადგილიან გაწყობილ მაგიდასთან დასვეს. თეფშებიან და ჭიქებიან მაგიდაზე ოკულუს რიფტის სათვალეებიც ეწყო. მაყურებლებმა სათვალე გაიკეთეს და უცებ ოჯახურ სადილზე მოხვდენენ - ერთმანეთს შეხედეს და თითოეული მათგანი თითოეულ პერსონაჟად გადაიქცა. საინტერესო ისაა, რომ მაყურებლები ერთსა და იმავე ფილმს უყურბდნენ, მაგრამ სხვადასხვა პერსონაჟის პერსპექტივიდან. უკეთ რომ აგიხსნათ, ვინმე 18 წლის ბრიტანელი ჯეინი, რომელიც ფილმის სანახავად მივიდა, საშუალო ასაკის მამაკაცად გადაიქცა, რომელიც ცოლ-შვილთან ერთად სადილობს, ხოლო საშუალო ასაკის დევიდი იმ საშუალო ასაკის მამაკაცის ასევე საშუალო ასაკის ცოლად. თითოეული პერსონაჟი და შესაბამისად ამ პერსონაჟებად გადაქცეული მაყურებელი სიტუაციას სხვადასხვანაირად დაინახავს, ამიტომ ერთის ნაცვლად საქმე გვაქვს ხუთ ცალ 1/5 რეალობასთან. 

 


"გაცვალეთ სხეულები" - უთხრეს  Les Arcs European Film Festival-ზე ინსტალაციის მონაწილეებს, თითო ნახევრად შიშველი ქალი და კაცი ცალ-ცალკე დააყენეს და ოკულუს რიფტის სათვალე მოარგეს. მონაწილეები სინქრონიზებულად მოძრაობდნენ და საკუთარს კი არა, მეორე მონაწილის პერსპექტივას ხედავდნენ. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს სხვის სხეულში ჩაჯექი, სქესი შეიცვალე: იმ ადგილს უყურებ, სადაც 5 წუთის წინ 3 ზომა მკერდი გქონდა, მაგრამ ახლა კაცის მკერდი გაქვს,  ხოლო შენი 3 ზომა მკერდი მეორე მონაწილემ წაიღო, ახლა ის გახდა შენ. 

 


"ბეკეკას ნაკვალევში ჩამგდარ წყალს თუ დალევ, შენც ბეკეკად იქცევი" - უთხრა ალიონუშკამ ივანუშკას. ივანუშკას იმდენად არ წყუროდა, რამდენადაც აინტერესებდა როგორ აღიქვამენ სამყაროს ბეკეკები. "ცა ლურჯია, ბალახი - მწვანე, მაგრამ სინამდვილეში არ არსებობს არც ცა, არც ბალახი, არც ლურჯი და არც მწვანე" - ფიქრობდა.- "მე ყველაფერს აღვიქვამ ისე, რის საშუალებასაც მაძლევს ჩემი სხეული, ამიტომ ახლა მაინტერესებს რას აღიქვამს ბეკეკა". ამიტომ ადგა და მაინც დალია იმ გუბიდან წყალი. იმავე პრინციპით დაახურეს სტუდია Marshmallow Laser Feast-ის წარმომადგენლებმა ინგლისში გრიზენდალის ტყეში სასეირნოდ შემავალ ცნობისმოყვარე ადამიანებს VR ჩაფხუტები და უთხრეს: "სამყარო არ არის უნივერსალური. შენ მხოლოდ 1/მეიმდენედი სიმართლე იცი ბალახის და ცის შესახებ, რამდენი არსებაცაა საერთოდ დედამიწის ზურგზე." ამის მერე ვირტუალური რეალობის დახმარებით ჩაფხუტჩამოცმული ადამიანები ცოტა ხნით გადაიქცნენ ბაყაყებად, ნემსიყლაპიებად, ბუებად და ტყის სხვა ბინადრებად. რასაკვირველია ის, როგორ შეიძლება ხედავდნენ სხვა ცხოველები, ისევ და ისევ ჩვენი შეგრძნების ორგანოებისთვის არის გადმოთარგმნილი - როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სიმულაცია იმის სიმულაციია, რომ მოუხელთებელს მოგახელთებინებს. 

 

 


   
4. სექსი დიდ ვირტუალურ ქალაქში


- ყველამ იცოდა ყველაზე მეტად ვინ იხეირებდა VR ხელსაწყოებით და ასეც მოხდა: 360 გრადუსიანი კამერები პორნოინდუსტრიამ ჩაიგდო ხელში. აბრაკადაბრა! პორნოვარსკვლავები ორგანზომილებიანი ეკრანიდან გადმოვიდნენ და ვირტუალური სექსი ინტერაქციული გახადეს. საერთოდაც იქნებ პირიქით მოხდა და პორნოინდუსტრია კი არ მოერგო ტექნოლოგიების განვითარებას,  ტექნოლოგიები განვითარდა იმიტომ, რომ სექსისთვის აეწყო ფეხი? მაგალითად, რაზე ფიქრობდა ის პირველი ადამიანი, ვინც ფოტოაპარატის მსგავსი მექანიზმი წარმოიდგინა? ალბათ იმაზე, როგორ გაყინავდა დროში სახეებს, პეიზაჟებს, სიტუაციებს (და სექსს). რაზე ფიქრობდა ის პირველი ადამიანი, ვინც ვიდეოკამერის მსგავსი მექანიზმი წარმოიდგინა? ალბათ იმაზე, როგორ დაიჭერდა და შეინახავდა დროის გარკვეულ მონაკვეთს, მაგალითად ფოთლების შრიალს ქარში, ადამიანების მოძრაობას ქუჩაში (და სექსს). ჰოდა აი, უკვე რამდენიმე წელია ვირტუალურმა პორნოგრაფიამ ფეხი აიდგა და VR სათვალეებს სულ მალე ვიდეოსთან სინქრონიზებულ სექს-სათამაშოებსაც მიამატებს. მზადების პროცესშია VR ვებკამერაც, რაც იმას გულისხმობს რომ ადამიანებს შეეძლებათ გაცილებით რეალისტური სექსი ჰქონდეთ ინტერნეტით.

 

 

ამასობაში არანაკლებ საინტერესოა ის, როგორ შეცვლის ვირტუალური პორნოგრაფია ადამიანების ურთიერთობებს და ნორმებს. მაგალითად, თუ ვივარაუდებთ, რომ პარტნიორის კომპიუტერში ნაპოვნი პორნოგრაფიის ფოლდერი ეჭვიანობის განცდას ნაკლებად გააჩენს, რა მოხდება VR პორნოგრაფიის შემთხვევაში, რომელსაც ადამიანი არა მხოლოდ უყურებს, არამედ მასში მონაწილეობას იღებს? და თუ მასში მონაწილეობას იღებს, ზოგადად, ემოციურად რასთან უფრო ახლოს იქნება ვირტუალური პორნოგრაფია - პორნოგრაფიასთან თუ რეალურ სექსთან?

 

 

5. ნახატი ჰენრი 


- ჰენრის ბევრი პრობლემა აქვს იმიტომ, რომ ზღარბია. რაკი ზღარბია, ბუნებრივია ეკლებიც აქვს. რაკი ეკლები აქვს, ბუნებრივია ყველას ჩვლეტს. რაკი ყველას ჩხვლეტს, ბუნებრივია ვერავის  უმეგობრდება. რაკი ვერავის უმეგობრდება, ბუნებრივია თავს მარტო გრძნობს და ესაა მისი ძირითადი პრობლემა. რასაკვირველია, როგორც ხვდებით, ჰენრი არ არის ნამდვილი ზღარბი რადგან (როგორც ამასაც ხვდებით), ნამდვილ ზღარბს ეს პრობლემა არ ექნებოდა - მხოლოდ და მხოლოდ საბავშვო მულტფილმის გმირია. რამდენი მსგავსი ტიპის ზღაპარი წაგიკითხავთ? ბევრი. რამდენი მსგავსი ტიპის მულტფილმი გინახავთ? ბევრი. მაგრამ ეს ჰენრი მაინც განსაკუთრებულია. პირველი VR ანიმაციის პერსონაჟი ზღარბია. 2015 წელს გამოუშვა Oculus Story Studio-მ. რა შეიცვალა? ის შეიცვალა, რომ მაყურებელი ეკრანზე კი აღარ უყურებს ანიმაციას, არამედ პირდაპირ ჰენრის ნახატ სახლში, ნახატ ხის ფუღუროში ტრანსპორტირდება და ამბავს პირდაპირ იქიდან ადევნებს თვალს. მიიხედავ, მოიხედავ, ჰენრის სახლს დაათვარიელებ, დროდადრო ჰენრიც შემოგხედავს. რითაა ცუდი? ერთადერთი ჩახუტებით მაინც ვერ ჩაეხუტები - ეკლების გამო კი არა, ჰაერი შეგრჩება ხელში.

 

 

 

 

6. ჩემი მეგობარი


- აუ, თავიდან თქვი რა, რას მეუბნებოდი. ისე ვერ დავიმახსოვრებ.


- დიქტოფონი ჩართე თუ რა ქენი?


- რაღა დროს, მარა ჰო.


- შეიძლება წონასწორობის სისტემაზე იმოქმედოს-მეთქი. მაგალითად, როცა ვირტუალურ რეალობაში ხარ და სადმე ჩავარდნის ან წაქცევის საფრთხეს ხედავ, შენი სხეული ისევე აბალანსებს, როგორც რეალურ ცხოვრებაში მოიქცეოდა - წონასწორობის დასაცავად ავტომატურად გვერდზე იხრები. თუ ვირტუალურ რეალობას აქტიურად მოიხმარ, ტვინი შეიძლება მიეჩვიოს, რომ სტიმული ჩანს, მაგრამ რეალურად არ არსებობს და დროთა განმავლობაში მასზე რეაგირება შეწყვიტოს. რა შეიძლება დაგემართოს რეალურ ცხოვრებაში თუ ტვინი მიეჩვია, რომ აღარ უნდა ირეაგიროს?


Oculus-ზე მეტად მე HoloLens მომწონს... აი, ჩვენ წინ რომ კედელია, ხომ ხედავ? ახლა წარმოიდგინე ამ კედელს გარედან ამტვრევენ ზომბები და ჩვენთან შემორბიან. იმ შემომტვრეული ნაწილიდან კიდევ პოსტაპოკალიპტური ქალაქი ჩანს.  ანუ გაფართოებული რეალობა იქმნება, სადაც ვირტუალური რეალობა ერწყმის ჩვენს რეალობას. ამასთან, თუ Oculus ფაქტობრივად თვალებზე გასაკეთებელი მონიტორია და ფუნქციონირებისთვის აუცილებლად კომპიუტერს უნდა მიუერთდეს, ეს დამოუკიდებელი მოწყობილობაა, თან გაცილებით რთული, ვიდრე VR ხელსაწყო. 

 


- იდეაში ვირტუალურ რეალობაზე მინდა დაწერა და არა გაფართოებულზე...


- ჰო, ვირტუალური რეალობისთვის ხელსაწყოს განვითარებაში ყველაზე რთული ნაწილი იყო ზუსტად მიებაძათ ადამიანის თითოეული თვალის მუშაობის პრინციპისთვის, თორემ თვითონ მოწყობილობა დიდი არაფერი არ არი.


რას ვამბობდი...ეს HoloLens მთლიანად შეცვლის სწავლების პროცესს იმიტომ, რომ ნებისმიერი მოდელის დემონსტრირება შეგიძლია - მაგალითად, თუ ანატომიის ლექტორი ხარ, აუდიტორიაში ჩონჩხის ქონა აუცილებელი აღარაა.  მილიონი რაღაცის მოფიქრება შეიძლება: უზარმაზარი ვირტუალური ეკრანი შეგიძლია ჩამოკიდო ოთახში და ფილმს უყურო. ამინდის პროგნოზისთვის საინფორმაციო გამოშვების დამთავრებას არ დაელოდები - მაგიდაზე მინიატურული საქართველოს რუკა გექნება, რომელსაც პატარა ღრუბლიდან აწვიმს. ეგ კი არა მარსიდან რა ინფორმაციაც გამოგზავნა მარს-როვერმა, ეგ გადააკეთეს HoloLens-ისთვის და შეგიძლია მარსზეც იარო. კიდევ სარეკლამო ინდუსტრია შეიცვლება. მაგალითად, ვიღაცამ გააკეთა აპლიკაცია, სადაც შეგიძლია შატლის კოსმოსურ კაბინაში გაიარო, ჰოდა ამ სეირნობისას უცებ ამოგეფარება უზარმაზარი სარეკლამო ბანერი.


- მე რა დავწერო?


- დაწერე ზოგადად ვირტუალურ რეალობაზე და გაფართოებული რეალობაც არ გამოგრჩეს.