ხმა, როგორც ფორმა

/ბგერა, როგორც გამოხატვის ყველაზე ინტიმური გზა. ხმა, როგორც ფორმა./

დეკემბერში, გალერეა ნექტარში ქართველმა არტისტებმა სცადეს მოეხდინათ იმ გზების სიმულაცია, რომლითაც აღვიქვამთ ფიზიკურ რეალობას - სხვადასხვა ფენებად და ფორმებად არსებულს. 

"ბგერები ქმნიან სქემებს, სქემები - ფორმებს, ფორმები კი - რეალობას, რომელსაც ვგრძნობთ.

იმ ფორმების ერთობლიობით, რომელსაც თანამედროვე ხელოვნება გვთავაზობს, ფიზიკური რეალობის მხოლოდ განსაზღვრულ ნაწილს აღვიქვამთ, მაგრამ თუ განვაცალკევებთ მედიუმებს ერთმანეთისგან, ან თუ შევცვლით მათ იერარქიულ წყობას, გრძნობათა განახლებას და აღქმის გაძლიერებას შევძლებთ. 

ხმის, როგორც არტისტული გამოხატვის მთავარ გზად არჩევით, გრძნობებზე მანიპულაციას ვახდენთ: მხედველობით წინასწარ შექმნილი ემოციების ნაცვლად, ახლა სმენითი მგრძნობელობით დანახულ ფორმებს ველოდებით. 

 



და გვაინტერესებს რა არის რეალობა სინამდვილეში: ის, რასაც ვხედავთ და რაც ვიცით; ის რაც გვესმის და რასაც ვგრძნობთ?"- ამ კონცეპტის ირგვლივ გვანცა ჯიშკარიანის კურატორობით რვა ქართველი არტისტი გაერთიანდა: ანა ჯიქია, Seqta, იკა ჯოჯუა(Aghnie), ლევან შანიძე, სანდრო დოლბანძე, Slavemarket, qpq-[e .•° tamura, ზუკა ბაბუნაშვილი. გამოფენის კონცეფციის მიხედვით მთავარი დატვირთვა ენიჭებოდა ხმას და არა გარემოს, არა ვიზუალურ ეფექტებს, რითაც ბგერის, როგორც გამოხატვის ერთ-ერთი ფორმის მნიშვნელობაზე მახვილდებოდა ყურადღება. გალერეაში არ ენთო შუქი, მხოლოდ ფანჯრიდან შემომავალი სინატლე ანათებდა ნაწილობრივ ოთახს და დამთვალიერებელ/მსმენელს, რომელიც რიგშიც კი იდგა შემდეგი ნამუშევრის მოსასმენად.

 

მოკლედ, გამოფენა კი სარისკო იყო, მაგრამ ძალიან ზუსტი შედეგი გამოიღო - ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც მონაწილეები ელოდნენ. მნახველმა აღიქვა ხმა, როგორც ფორმა.
 

 

 

ეს ჩვენს მიერ ორგანიზებულ გამოფენათა ციკლში მეორეა და თუ დაგვიჯერებთ, კიდევ ბევრს ვაპირებთ.