ლადოს წიგნი და პორნოგრაფია

 

/თუმცა, წიგნი ბევრად უფრო აპათიურია, რადგან ესაა ყველა ვნებისგან სხეულის სრული გათავისუფლება /

 

ლადო ლომიტაშვილის კვლევა პორნოგრაფიის შესახებ მისი არტ წიგნით დაგვირგვინდა. ეძება და ეძება საზღვრები პორნოგრაფიასა და სახვით ხელოვნებას შორის და ბოლოს დაასკვნა რომ შიშველი მკერდი პორნოგრაფია არაა, მაგრამ თუ შიშველ მკერდთან ერთად პირიცაა დაღებული, მაშინ, მეგობრებო, ეს ყველაფერი პორნოგრაფიააო.

ან კიდევ, რა გამოდის, თუ სხეულის გამოსახულებას აბსტრაქტულს გავხდით, ამით გამოსახულების შინაარსსაც ვცვლით, თუ ისევ ქვეცნობიერი მეხსიერებით შევავსებთ ნაკლულ ნაწილებს და კონტექსტსაც ინტუიციით მივაბამთ?

"ეს არის პირდაპირი საშუალება გახსნა ორაზროვანი სივრცე თემის გარშემო... პარადოქსული ჭეშმარიტებაა, როცა ჩვენ ვრჩებით უხერხულ სივრცეებში, მაგრამ თავს კომფორტულად ვგრძნობთ იქ, სადაც სიამოვნებას სხვისი სიამოვნების გავლით ვიღებთ."

 

ერთი შეხედვითაც და ბევრი შეხედვითაც, ეს წიგნი ვიზუალურ მეხსიერებაზე მანიპულირების მცდელობაა. რამდენად შესაძლებელია ერთი კონტექსტზე მიბმული გამოსახულების შინაარსის შეცვლა ან რამდენად შეუძლია ადამიანს უკვე კარგად დამახსოვრებული პარალელების დავიწყება და ახლის შექმნა.

 

 

წიგნის მეორე ნაწილი, ალბათ, უფრო ინტიმურია -  აქ სხეული არ ჩანს მაგრამ არის ინტერიერის ნაწილები, დეტალები, რომელიც მოქმედების მიღმა რჩება, გარემო და ნარჩენები.

"არაიდენტიფიცირებული სუბიექტები იკავებენ ოთახებს, ირჩევენ პოზებს ზნეობისა და გემოვნების მიხედვით. მაგრამ ამ შემთხვევაში რეჟისორი ხდება დამთვალიერებელი, რომელიც თავად წარმოიდგენს სასურველ პერსონაჟებს, მათ ასაკსა თუ რაოდენობას."

 

ამ წიგნის პრეზენტაცია "მოგზაური არტ წიგნები"-ს ფარგლებში მოხდა. ჩვენ ამ პროექტის დიდი გულშემატკვირები ვართ და სხვა კარგ-კარგ ნამუშევრებზეც მოგიყვებით მალე.