არტიერიში / ურბანული სივრცე - პოლონური ხელოვნების ფესტივალი 2015

ცოტა ხნის წინ, თბილისში პოლონური ხელოვნების ფესტივალი “ არტიერიში” მეორედ გაიმართა. ამჯერად ფესტივალის თემა ურბანული ხელოვნება იყო და ნამუშევრები არა საგალერეო სივრცეში, არამედ ქუჩებში, სხვადასხვა საზოგადოებრივ ადგილებში განთავსდა.

თბილისი თუ აქამდე ურთიერთობა იყო, ახლა რომ ერთი დიდი პრობლემაა, ყველამ კარგად ვიცით; ერთიანი სულის და ხასიათის არქონა ქმნის გრძნობას, რომ ეს ქალაქი უკვე ათასი წვრილმანით, ხშირად ვადაგასული, გამოსაყენებლად უვარგისი დეტალითაა შეკოწიწებული, რომელთა ერთობლიობა რაღაც მონსტრის ასოციაციას იწვევს. სინამდვილეში კი მისი შემადგენელი თითოეული ნაწილი უნიკალურია და თავის ისტორია აქვს. - ჩვენთვის ეს იყო დედაენის ბაღში აშენებული რობერტ კუსმიროვსკის ინსტალაციის - ხელოვნების „საორთქლე კოშკები“-ის კონცეპტი.

ნივთებს, რომლებიც ამ ინსტალაციას შეადგენენ, არტისტი 12 წელი აგროვებდა. ისინი ფერის, ფორმისა და ფუნქციის მიხედვით დახარისხდა და ამ ხელოვნების მუზეუმში განთავსდა. ავტორის თქმით, საორთქლე კოშკები კვრინჩხის ტოტებით გატენილი ნაგებობები იყო, რომლებსაც მე-17 საუკუნეში სუფრისა და სამედიცინო მარილის წარმოებისას მარილხსნარში მარილის კონცენტრაციის გასაზრდელად იყენებდნენ. დროთა განმავლობაში შენიშნეს, რომ ამ კოშკების ირგვლივ ჰაერი მარილხსნარის აეროზოლით იყო გაჯერებული, რამაც გამაჯანსაღებელი, სამკურნალო მიკროკლიმატის ჩამოყალიბება განაპირობა. საორთქლე კოშკების გამოყენება ჰაერის მიკროელემენტებით გამდიდრების გარდა სხვადასხვა ტიპის გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის დაიწყეს.

ალბათ, ამჯერად, ხელოვნებით გატენილი კოშკი ლამაზ ჰაერს უნდა აფრქვევდეს გარეთ და ხალხს და მცენარეებს აჯანსაღებდეს გარშემო.

მეორე ინსტალაცია იაროსლავ კოზიარა-ს - ტრანსფორმაცია იყო თავისუფლების მოედანზე, იმ ჩვენს საყვარელ, მუდამ დაუსრულებელ რკინის კარკასზე. არტისტმა ამ რკინის გოლიათისთვის ჯადოს მოხსნა გადაწყვიტა, ზედ ძალიან ბევრი ნაჭერი მიაბა, რითაც მთელი შენობა ერთ გემს დაემგვანა, რომელიც ამ თავისი მილიონი აფრით თან მიდის სადღაც, თან ვერა, იმიტომ რომ შენობებშია გაჭედილი და თან რკინისაა. იმიტომ, რომ ვერც ძველია და ვერც - ახალი.

ფოტო -Marysia Artemiuk

კატარინა შიპიორის - ხალხისათვის კი ხალხსადგომი იყო. იმ ურბანულ სიტუაციაში, იმ ქალაქში, სადაც პრიორიტეტულია ყველაფერი რაც დადის, გარდა ადამიანისა და ცხოველებისა, იქ სადაც მანქანათგამტარიანობა ქუჩის ერთადერთი მოვალეობაა, არტისტმა შექმნა ერთგვარი ოაზისები ადამიანთათვის. მცენარეებით და თავშესაფრით.

ფოტო- ArtAttack