მინიატურული ჯარისკაცები თბილისში

 

10 მაისიდან ვაჟა-ფშაველასა და პეკინის ქუჩის გადაკვეთის ადგილი ოთხი ათასმა მინიატურულმა ჯარისკაცმა დაიკავა. ამ დღეებში აქ თუ მოხვედრილხართ, აუცილებლად შეამჩნევდით: ჯარისკაცები სამანქანო გზებს შორის მდებარე პატარა სივრცის ოკუპაციას ახდენენ და გვეუბნებიან, რომ მათი ფუნქცია ტერიტორიის პოლიტიკური და სოციალური მოვლენებისაგან, დაზიანებისა და ინვესტორებისგან დაცვაა.


ინსტალაციას "მწვანე საფარი" ჰქვია და ჯარის გენერალი ანდრო ერაძეა. არტისტის თქმით, სივრცეს პირობითი მნიშვნელობა აქვს - მწვანე, სათამაშო ჯარისკაცები ერთი მხრივ უშუალოდ ბალახის იმიტაციაა, რომლითაც მოცემული სივრცე უნდა იყოს დაცული, ხოლო მეორე მხრივ ხალხს გულისხმობს, ვინც ის უნდა დაიცვას.

 

 

 

 

თუ ყველანი გადავგვარდით და გადავშენდით, თუ ყველამ ქართველობა დავკარგეთ, ეს მწვანე კაცური კაცები მაინც დაიცავენ, ან თავად გახდებიან ის მწვანე საფარი, რომელიც ყოველდღე მცირდება და ქრება, იმიტომ რომ სკვერები არაა და მანქანები ჩამოიტანეს..

 

 

"მწვანე საფარი" ორგანიზაციის "იარე ფეხით" მიერ წამოწყებული არტპროექტის  „უარე ქალაქს“ ერთ-ერთი გამარჯვებულია. პროექტის ფარგლებში გამარჯვებული ხუთი ინსტალაცია მაისის განმავლობაში სხვადასხვა საჯარო სივრცეში გამოჩნდება და ქალაქში არსებული სოციალური თუ ეკოლოგიური საკითხების მიმართ ახალგაზრდა არტისტებს ხედვას წარმოგვიდგენს. ინსტალაციები მთელი მაისის განმავლობაში იქნება ხელ- და თვალმისაწვდომი, ამიტომაც აუცილებლად გაისეირნეთ ფეხით და თქვენი თვალით ნახეთ თითოეული მათგანი.