სიცოცხლე N2

კატებს არ აქვთ ცხრა სიცოცხლე, ძველ ნივთებს - აქვთ. ამიტომაც გამუდმებით ელოდებიან ვინმეს, ვინც მათში ამ პოტენციალს დაინახავს. Carlo Nannetti-ს და Francesca Crisafulli-ს ორი წყვილი თვალი სწორედ ამისთვისაა შექმნილი. პროექტ Mook-ის ფარგლებში ისინი აგროვებენ ყველაფერს, რაც ადამიანებმა სიძველის გამო უსარგებლოდ მიიჩნიეს და თავიდან მოიშორეს: ავეჯის ნაგლეჯებს, კარების ნამტვრევებს, მოსამართი მექანიზმის ნაწილებს, ზღვის მიერ გამორიყულ ნარჩენებსა და ზოგადად, დავიწყებულ ნივთებს. ნაპოვნი ობიექტები კარლოსა და ფრანჩესკას თავიანთ სახელოსნოში მოაქვთ და მათგან ზუსტად ისეთ სკულპტურებს აკეთებენ, საბავშვო წიგნებში რომ ილუსტრირებული პერსონაჟები გინახავთ.



შემთხვევითი არ არის, რომ ძველი ნივთები ახალ სიცოცხლეს ისეთი ფორმით პოულობენ, რომელიც უშუალოდ ბავშვებთან ასოცირდება. ბავშვი სიახლესა და პოზიტიურ ემოციებს უკავშირდება - მას ყველა თავს დაჰფოფინებს, რაც კონტრასტშია გადაგდებულ, დამტვრეულ ნივთთან, რომელზეც ყველა უარს ამბობს.


პროექტი Mook შინაარსობრივად Mark Nixon-ის ფოტო-პროექტს “Much Loved"-საც ეხმიანება. ნიქსონის მსგავსად, ავტორები აქაც დროის, ბავშვობისა და თამაშის თემების გარშემო ტრიალებენ, სადაც ახალი უპირისპირდება ძველს, მთელი - დამტვრეულს, საყვარელი - დამთრგუნველს. "დრო ყველაფერს ანადგურებს" - ამბობს მარკი. "დრო ყველაფერს ანადგურებს" - ეთანხმებიან კარლო და ფრანჩესკაც, - "ოღონდ ზოგ ნივთს ცხრა სიცოცხლე აქვს და ამიტომ ისინი თავიდან შეუყვარდებათ."