რატომ ვერ ვიცხოვრებთ ცხოვრების კალენდრებით

 

დიზაინერმა Raquel Catalan-მა გადაწყვიტა ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში თავისი წვლილი შეეტანა და ბევრი ფიქრის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ თუ საკუთარ რომანტიულ ურთიერთობებს, ჯანმრთელობას ან გუნება-განწყობას ყოველდღიურად კალენდარზე აღვნუსხავთ, სულ გაბრწყინებულები ვივლით. ამიტომაც ადგა და ამ მიზნით სამი თემატური კალენდარი შექმნა: How Was Your Day, Love Life და Healthy Lifestyle. მათ ავტორი ცხოვრების კალენდრებს (Life Calendars) უწოდებს, რომლებიც ჩვეულებრივი კალენდრებისაგან განსხვავებით ნებისმიერი წლისათვის რელევანტურია. ეგ კი არადა, 365 დღის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ სულაც ჩარჩოში ჩასვათ და მთელი თქვენი ერთწლიანი გამოცდილება კედელზე ჩამოკიდოთ.

არა, იდეა უდავოდ საყვარელია, მაგრამ რამდენად მიგვიყვანს ეს ყველაფერი გაბრწყინებისკენ ცოტა საეჭვოდ მეჩვენება. თუ რატომ, თითოეული კალენდრის დეტალურ აღწერაში მოგახსენებთ.


How Was Your Day


შედგება: მთლიან ფორმატზე დახატული 365 ყვითელი (შიგადაშიგ ლურჯი) წრისაგან

რა უნდა გააკეთოთ: შავი მარკერით წრეებს ყოველდღიურად უნდა მიახატოთ თვალები და პირი, ე.ი. გატარებული დღის ემოციური შეფასება. ინსტრუქციაში ხუთი ემოციაა მოცემული, რომელიც შემდეგ შეფასებებს გამოხატავს: ძალიან კარგი, კარგი, ჩვეულებრივი, ცუდი და ძალიან ცუდი.

რატომ არ მომწონს: ვინაიდან მცირე მიზეზების გავლენით ადამიანის გუნება-განწყობა დღეში მილიონჯერ შეიძლება შეიცვალოს, სავარაუდოდ დღის ბოლოს უბრალოდ საშუალო არითმეტიკულის გამოთვლა მოგიწევთ, რის შედეგადაც ალბათ ძირითადად "ჩვეულებრივ" სახეს მიიღებთ ხოლმე. თუ მაინცდამაინც გამორჩეულად ტრაგიკული (ან ძალიან ბედნიერი) დღე გქონდათ...ხუმრობთ, ხომ? ამ შემთხვევაში ვინმეს ჩაეხუტეთ და იტირეთ (ან სიხარულიგან იტირეთ). რა დროს კალენდარზე მოსანიშნი ემოციაა?

 

 

 

 

 

 

 

Love Life


შედგება: მთლიან ფორმატზე დახატული 365 გულისგან. თითოეული გული ოთხადაა გაყოფილი და ყოველი მეოთხედი ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს შეესაბამება: პარტნიორთან ერთად გატარებული დრო, საუბარი, მოფერება/კოცნა და სექსი.


რა უნდა გააკეთოთ: ყოველი დღის ბოლოს წითელი მარკერით უნდა გააფერადოთ ის მეოთხედები, რომლებსაც დღის განმავლობაში ჰქონდა ადგილი. იგულისხმება, რომ რაც უფრო სრულადაა გაფერადებული გულები, მით უფრო იდეალურია თქვენი სასიყვარულო ცხოვრება და მით უფრო გაბრწყინებული დადიხართ.

 

რატომ არ მომწონს: თუ ავტორი ურთიერთობებს ასე მარტივად ხედავს, ღირსია 365 დღის განმავლობაში მთლიანად გაფერადებული გულებით დაისაჯოს. წარმოიდგინეთ რა საცოდაობაა, როცა სექსი არაფრად არ ვარგოდა, მაგრამ მოსანიშნი უნდა მოინიშნოს, ან დრო კი გაატარეთ ერთად, მაგრამ ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ და სად გინდა გაიქცე? მეორე მხრივ, ალბათ ისიც წარმოგიდგენიათ, რამდენს წყევლიან Raquel-ს ე.წ. long distance relationship-ში მყოფი ან ასექსუალი წყვილები, რომლებმაც ეს კალენდარი შეიძინეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

Healthy Lifestyle


შედგება: მთლიან ფორმატზე დახატული 365 ვაშლისგან. აქაც თითოეული ვაშლი ოთხადაა გაყოფილი და ყოველი მეოთხედი ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს შეესაბამება: წყალი, დიეტა, ძილი და სპორტი.


რა უნდა გააკეთოთ: ყოველი დღის ბოლოს მწვანე მარკერით უნდა გააფერადოთ ის მეოთხედები, რომლებსაც დღის განმავლობაში ჰქონდა ადგილი. იგულისხმება, რომ რაც უფრო სრულადაა გაფერადებული ვაშლები, მით უფრო იდეალურია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მით უფრო გაბრწყინებული დადიხართ.

 

რატომ არ მომწონს: ჯანსაღი ცხოვრების ასეთი აკვიატება სრულიად არაჯანსაღი მგონია (ეგ კი არადა, ამასთან შედარებით Dumb ways to die-ც კი ბევრად უფრო ადეკვატური მეჩვენება). 

 

 

 

 

 

მოკლედ, თუ მაინც ვერ მოგიკალით შეძენის სურვილი, სამივე კალენდრის ყიდვა აქ შეიძლება.
იყიდეთ და გადამარწმუნეთ.