StoryCorps: ამერიკელების პირადი ისტორიების საცავი

 

ერთ დღესაც ამერიკაში მიხვდნენ, რომ საცოდაობაა ადამიანების თავს გადახდენილი ამბები უგზო-უკვლოდ იკარგებოდნენ და ზოგადადაც, ადამიანები ისე ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ, როგორც ლელა წურწუმია გვიმღეროდა ოდესღაც. ამიტომაც ადგნენ და StoryCorps დააარსეს, ადამიანების ისტორიების საცავი.


2003 წლიდან დღემდე ჩატარებული 50 000-ზე მეტი ინტერვიუ კონგრესის ბიბლიოთეკის American Folklife ცენტრშია დაცული. რესპონდენტები და ინტერვიუერები როგორც წესი ერთმანეთის მეგობრები ან ნათესავები არიან, ერთად წყვეტენ ინტერვიუს ჩატარების ამბავს და ერთად მიდიან StoryCorps-ის ჯიხურში ინტერვიუს ჩასაწერად. მონაწილეებს არ აქვს რაიმე განსაკუთრებული სტატუსი, ვერც პოპულარობითა და სკანდალებით დაიკვეხნიან და შესაბამისად არც აუდიტორიის გართობაზე არიან ორიენტირებული. აქ ძირითადად ჩვეულებრივი ადამიანების ამბებს შეხვდებით, გაიგებთ რა უხარიათ, რა აწუხებთ, როგორ უყვართ, რა დაკარგეს და ა.შ.


ინტერვიუების ყველაზე საინტერესო ნაწილი ანიმირებული აუდიო ჩანაწერებია. ვიზუალური მასალა საუბრის შინაარსს მიყვება და იმდენად ამდიდრებს მას, რომ ანიმაცია უფრო მთლიანობაში აღიქმება, ვიდრე მხოლოდ აუდიო ჩანაწერის ვიზუალურ ფონად.

 

 

 

 

 

 

 

ცოტა ხნის წინ StoryCorps-მა აპლიკაცია გამოუშვა მობილური ტელეფონებისათვის, რომელიც ინტერვიუერს ინტერვიუს მომზადებასა და ჩატარებაში ეხმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ საუბრის ჩაწერა სპეციალური ჯიხურის ნაცვლად უკვე  საკუთარ მყუდრო გარემოში და ნებისმიერ დროს შეიძლება.

 

 

 

სამწუხაროდ, StoryCorps მარტო ამერიკელების ისტორიებს ინახავს, თუმცა მსგავსი პრაქტიკის დანერგვა ჩვენც შეგვიძლია. ბოლოს და ბოლოს ჩვეულებრივი რეკორდერით შეიძლება შევიარაღდეთ და ჩვენს გარშემო მყოფი ისეთი ადამიანები  გამოვიჭიროთ, ვისი გამოცდილებაც გასაქრობად არ გვემეტება.