ნახატებს რომ ლაპარაკი შეეძლოთ

 

ამას წინათ რომში მოვხვდი და ალბათ წარმოგიდგენიათ რამდენი მსუყე-მსუყე ხელოვნების ნიმუში დამესხა ერთბაშად თავს. ჰოდა მეც გულამსუყებული უთავბოლოდ დავდიოდი ქუჩებში და როგორც უდაბნოში წყალს, ისე ვეძებდი რამე შედარებით მსუბუქს. ამ წანწალში შემთხვევით პატარა საყვარელ მაღაზიაში ამოვყავი თავი. მართალია, იქაც, შევედი თუ არა, მაშინვე ცნობილი ფერწერული ნამუშევრები შემომეფეთა, მაგრამ სულ სხვა ამპლუაში. ღია ბარათებზე, სტიკერებსა და სანიშნებზე გამოსახულ ნახატებს ასაკი და სერიოზულობა მუზეუმებში დაეტოვებინათ, სანაცვლოდ კი კომიქსებისთვის დამახასიათებელი ტექსტური სტილი და  იუმორი შეეძინათ - ეს ყველაფერი იტალიური პროექტის If art could talk ფარგლებში, რომელიც ისტორიულ ტილოებს თანამედროვე კონტექსტში ათავსებს, ხოლო ამ სახით მათ მეტად პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

 

 

 

 

 

 

 

 

ცოტა ხნის წინ დაახლოებით მსგავსი რამ ქართულ სივრცეშიც მოხდა.

ჩეშირის საგრაფოში, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ფეისბუქის გვერდის სახით არსებობს, ამჯერად ფიროსმანის (და არა მხოლოდ მისი) ნახატები გაცოცხლდა ჩვენს დროსა და კონტექსტში. ავტორების მიერ შემოთავაზებული ვერსიებიდან ზოგი ნამდვილად ძალიან სასაცილოა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამ ეტაპზე გვერდს უკვე საკმაოდ ბევრი მომწონებელი ჰყავს. იმედს ვიტოვებ, რომ "ჩეშირის საგრაფოს" ადმინისტრატორები ასეთივე მონდომებით გააგრძელებენ, ხოლო მათ მიერ ამეტყველებული ნახატები დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწება.