CODEX SERAPHINIANUS


იმ კაცის ამბავმა, სათბურში რომ ობიექტებს ზრდის, საგონებელში ჩამაგდო. მაშინვე ენციკლოპედიას ვეცი. ვიფიქრე ერთ Terraipodo Salatina-ს მეც გავზრდი-მეთქი და მისი მოვლისა და ყვავილობის ბუნებრივი პირობები მაინტერესებდა. "T"-ზე დაწყებული სიტყვები საბჭოთა ენციკლოპედიის მე-9 ტომშია, მაგრამ საერთოდ, ადამიანმა უნდა იცოდე სად რა მოძებნო. ამიტომ თორმეტივე ტომს მშვიდად ჩავუარე გვერდით და თაროდან Codex Seraphinianus ჩამოვიღე. Codex Seraphinianus წარმოსახვითი სამყაროს ილუსტრირებული ენციკლოპედიაა - ერთადერთი წყარო, რაც ასეთ შემთხვევებში მოგეხმარება. სამწუხაროდ ესეც არ გამომადგა: Terraipodo Salatina მაინც ვერ ვნახე. კაცმა რომ თქვას, რისი იმედი მქონდა? ეს ჩემი ენციკლოპედია 1981 წელსაა გამოცემული, ipod-ების ერამდე.

ეს იქით იყოს და ამ ამბავს მეორე მხარეც აქვს. საქმე ისაა, რომ თუ პროფესიონალმა ბოტანიკოს-ალქიმიკოს-რომანტიკოსმა Thomas Land-მა წარმოსახვითი მცენარეები რეალურ სამყაროში გაზარდა, ესე იგი ფანტაზიისა და რეალობის ქვეყნებს შორის დადგენილი გეოგრაფიული საზღვარი არამყარი და პირობითი ყოფილა. ეს კი თავის მხრივ იმაზე მიუთითებს, რომ ნებისმიერმა ობიექტმა ან მოვლენამ, რომელზეც Codex Seraphinianus-ში წაიკითხავთ, შეიძლება საზღვრის ხაზი უპრობლემოდ გადმოკვეთოს და ერთ მშვენიერ დღეს წინ დაგხვდეთ. ამიტომ მე თქვენს ადგილას ყურადღებით გავეცნობოდი ზემოთხსენებულ ენციკლოპედიას.

შესამზადებლად გეტყვით: წარმოსახვითი სამყაროს ენციკლოპედია თემატურად დალაგებული თერთმეტი თავისგან შედგება. არარეალურ მცენარეებს პირველი თავი ეძღვნება, რომელიც წეღან მთლიანად გადავქექე Terraipodo Salatina-ს ძებნაში. მომდევნო თავები რიგითობის მიხედვით ეთმობა სიურეალისტურ ფრინველებსა და ცხოველებს, უცნაურ არსებებს, წარმოსახვით ფიზიკა/ქიმიას, უჩვეულო მანქანებს, ასეთივე ბიოლოგიას, სექსუალობას, სხვადასხვა აბორიგენ ტომს, ისტორიასა და წეს-ჩვეულებებს, წარმოსახვითი სამყაროს დამწერლობას, ტანსაცმელს, საჭმელს, თამაშებს, სპორტს და არქიტექტურას. ხოლო მთელი ამ ინფორმაციის შეკრება და ჩვენამდე მოტანა იტალიელი მხატვრის, დიზაინერისა და არქიტექტორის Luigi Serafini-ს დამსახურებაა. მადლობა, ლუიჯი.

ოღონდ ერთი პრობლემაა, ენციკლოპედიის თარგმანი არ არსებობს, ამიტომ მთლიანად ილუსტრაციებს უნდა დაეყრდნოთ. არ ღირს ამაზე დარდი - ილუსტრაციები დეტალურია და ძალიან კარგი. მაინც წაკითხვა გირჩევნიათ? კი ბატონო, მაგრამ უცხო ენების ცოდნა აქ არ გამოგადგებათ - მანუსკრიპტი მთლიანად წარმოსახვით, კოდირებულ ენაზეა, რომელიც რამდენადაც ვიცი მრავალი მცდელობის მიუხედავად ჯერ ვერავინ გაშიფრა. ან იქნებ Thomas Land უბრალოდ ჩუმადაა?