ექსკურსია Tomm Moore-ის ირლანდიაში

 

არ ვიცი რომელს უფრო გაუმართლა Tomm Moore რომ არსებობს - თანამედროვე ხელით ნახატ ანიმაციას თუ თანამედროვე ირლანდიას. ამ საკითხზე ალბათ ჯერ იკამათებდნენ, მაგრამ შემდეგ აუცილებლად მივიდოდნენ იმ დასკვნამდე, რომ ორივე ძალიან იღბლიანია. ხელით ნახატი ანიმაციის სასარგებლოდ უნდა აღინიშნოს, რომ მურის ფილმების მსგავსი სილამაზე დედამიწის, უფრო სწორად ეკრანების ზურგზე იშვიათად თუ მოიძებნება. ირლანდიის ძირითადი არგუმენტი კი ისაა, რომ მისი კულტურული მემკვიდრეობა ტომმა სრულიად ახალ განზომილებაში გადაიტანა.

ტომ მური ირლანდიელი ილუსტრატორი, რეჟისორ-ანიმატორი და ანიმაციური სტუდია "Cartoon Saloon"-ის თანადამფუძნებელია. ჯერჯერობით ორი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი აქვს გადაღებული: "The secret of Kells" Nora Twomey-ს თანარეჟისორობით (2009) და "Song of the Sea" (2014), ასევე პატარა მონაკვეთი ფილმიდან "Kahlil Gibran's The Prophet" (2015).

მანამდე, სანამ "Song of the Sea"-ს ვნახავდი, ვფიქრობდი "The secret of Kells"-ზე ლამაზი რაღა უნდა იყოს-მეთქი. არადა სულ პირველად პაწაწინა ნეთბუქში ვუყურე საშინელი ხარისხით და რუსულ ენაზე ცუდად დუბლირებულს. საცოდაობაა ამის ასე ნახვა. რაც შეიძლება დიდ ეკრანზე უნდა ხედავდეთ და დუბლირების გარეშე (საჭიროების შემთხვევაში სუბტიტრებით). ამის მიუხედავად, კიდევ მომინდა ყურება და მერე კიდევ. თითქოს გაცოცხლებული ილუსტრაციებია. არა, გასაგებია, რომ ყველა ანიმაცია ამოძრავებული ნახატია, მაგრამ აქ ნებისმიერი კადრის დაპაუზებისას წუნდაუდებელი სურათი მიიღება. ყველაფერს, რაც ეკრანზე ჩანს, იქნება ეს სულიერი არსება, ხე თუ რაიმე ნივთი, შინაარსობრივის გარდა მნიშვნელოვანი დეკორატიული დატვირთვა აქვს. პირველივე წუთებიდან ბოლო წუთამდე ფერებითა და ორნამენტებით დახუნძლულ ზღაპრულ სამყაროში ვმოგზაურობთ, სადაც ერთი უბრალო ყვავილიც კი არ არის შემთხვევითი. თქვენ წარმოიდგინეთ, მურის რიგით მეორე ანიმაციაში ვიზუალური მხარე კიდევ უფრო იხვეწება, გარემო კი მეტად მრავალფეროვანი ხდება.

 

 

 

 

 

ორივე ფილმის შინაარსობრივი კონტექსტი ირლანდიური კულტურაა, რომელიც კელტური პაგანიზმისა და კათოლიკურ-ქრისტიანული ტრადიციის ნარევს წარმოადგენს. მაშინ, როცა ჩვენს დროში ქრისტიანობამ თანდათან დაკარგა იდუმალება და დასავლური სამყარო მისტიციზმის ელემენტებს აღმოსავლურ რელიგიებშიღა ეძებს, მურის ანიმაციებში კათოლიციზმი განსაკუთრებულად საინტერესო და მისტიური სახით ჩანს. მართალია რაიმე რელიგიური მნიშვნელობა არც ერთ ფილმში არ დევს, მაგრამ კონტექსტის სახით ქრისტიანობა მუდმივად აქაა: მაგალითად, "The secret of Kells"-ში მოქმედება მთლიანად კელების სააბატოში ხდება, რომელიც მე-9 საუკუნიდან რეალურად არსებობდა ირლანდიის ტერიტორიაზე. ხოლო ფილმის ზღაპრული სიუჟეტი პირდაპირ უკავშირდება სწორედ ნამდვილ კელებს და მათ მიერ ილუსტრირებულ ხელნაწერ სახარებას. ეგ კი არადა, შეიძლება კელების შესრულებულ ისტორიულ ილუსტრაციებსა და თავად ფილმის დეკორატიულ სტილს შორისაც კი დაინახოთ მსგავსება.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო ანიმაციაში ("Song of the Sea") წამყვანი თემა კელტური მითოსია, ასევე ყველგან ფიგურირებენ ქრისტიანული ხატები და წვიმაში თითქოს არსაიდან გაჩენილი კათოლიკური სამლოცველო, რომელსაც მთავარი გმირები აფარებენ თავს და შემდეგ ზუსტად მისი გავლით მთლიანად კელტური მითოსის სამყაროში გადადიან. 

ამ პატარა დეტალიდანაც კი კარგად ჩანს, რომ ქრისტიანობა მურის ფილმებში (ისევე როგორც თანამედროვე ირლანდიაში) ისევ და ისევ კელტურ პაგანიზმთანაა გადაჯაჭვული. "The secret of Kells"-ში პრე-ქრისტიანული ხანის კელტური ღმერთი Crom Cruach და ტყის სული Aisling გვხვდება, ხოლო "Song of the Sea"-ში - ყურადღების ცენტრში მითიური არსებები სელკები არიან, რომლებიც ხმელეთზე ადამიანებს გვანან, წყალში - სელაპებს. სელკების გვერდით ეკრანზე კელტური მითოსიდან გადმოსული უამრავი პერსონაჟი ცოცხლდება.

 

 

 

 

 

და ბოლოს, ფილმების ძირითად თემებსაც მივადექით. ამ კელტურ-ქრისტიანულ დეკორატიულ სამყაროში ადამიანური განცდები და ემოციები ცხოვრობენ: აქ ნახავთ ისტორიებს შიშსა და მის დაძლევაზე, ძვირფასი ადამიანების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილსა და მასთან გამკლავებაზე, დანაშაულის განცდასა და პასუხისმგებლობაზე, ურთიერთობებსა და ზრუნვაზე და ა.შ. აქ ემოციები გაცილებით უფრო ბუნებრივი და მრავალფეროვანია, ვიდრე სოკოებივით მომრავლებულ კომერციულ საბავშვო ანიმაციებში წააწყდებით.

 

 

მურის ფილმებს ხშირად ადარებენ Studio Ghibli-სა და Myazaki-ს, რაც მე, ე.ი. ანიმეს ნაკლებმოყვარულ ადამიანს იმდენად არ მაბედნიერებს, რამდენადაც თავად ტომს. ის ამბავიც ცნობილია, მიაზაკისთან შეხვედრისას მაშინვე სიგარეტს რომ ეძგერა და ხველებით კინაღამ დაიხრჩო - არ ვეწევი, მაგრამ მიაზაკისთან ერთად აუცილებლად უნდა მომეწიაო.

მურის ბოლო ანიმაცია, ერთ-ერთი თავი (ესსე) ფილმიდან "Kahlil Gibran's The Prophet", რომელიც ლიბანელი მწერლისა და ფილოსოფოსის Kahlil Gibran-ის პოეტური ესსეების კრებულის ადაპტაციას წარმოადგენს, ჯერ კიდევ არ გამხდარა ფართო აუდიტორიისთვის მისაწვდომი. ამიტომ თუ ტომ მურის წინა ორი სრულმეტრაჟიანი ანიმაცია არ გინახავთ, აუცილებლად ჩაუჯექით - "The Secret of Kells"-ით დაიწყეთ და "Song of the Sea"-ით გააგრძელეთ - მარტო ან ბავშვებთან ერთად, ოღონდ შეძლებისდაგვარად დიდ ეკრანზე. წინ ზღაპრული სამყარო გელოდებათ ზღაპრული საუნდტრეკებით.

 

 

 

 

უფრო მეტიც, პირველი ანიმაცია წიგნადაცაა ქცეული - მურმა "The Secret of Kells" ორტომიან კომიქსად გამოსცა. უყურეთ, წაიკითხეთ, ამასობაში კი იმედია "Kahlil Gibran's The Prophet"-ც შემოგვესწრება.