დღე მეორე: შავი-თეთრი-წითელი-ჭრელი-შავი-თეთრი

17 აპრილი, დღე - მეორე (უკეთესი, ვიდრე პირველი).


ჩვენება პირველი - დასამახსოვრებელი, ნათელი. თაკო მექვაბიძე - სუბიექტური შეფასებით ერთ-ერთი ფავორიტი. კლასიკურ ფერთა შეხამება: წითელი და თეთრი, თეთრი და შავი. 70-იანების კლასიკური ფორმებისთვის დამახასიათებელი, თავისუფალი შარვლები და მოკლე კაბები. მოკლედ, ჯერ-ჯერობით ყველაზე დასამახსოვრებელი კოლექცია. დიზაინერის წინა კოლექციებიდან გამომდინარე, მოლოდინს გადააჭარბა, იმის მიუხედავად, რომ მატერია არ შეცვლილა, შეიცვალა ფერები, შეიცვალა სტილი: უფრო დახვეწილი, უფრო მიმზიდველი.

 

 

 

ჩვენება მეორე - არც ფერადი, არც შავ-თეთრი, არც ლამაზი, არც განსაკუთრებული, მოკლედ, დიდი არაფერი. მოდის სახლი Desserts - Uliya Rogalskaya (უკრაინა), სუბიექტური შეფასებით - მეტი მოლოდინი და იმედგაცრუება. მასალა - სხვადასხვა; ფერები, ტონები - სხვადასხვა. ლუქები ერთმანეთისგან იმდენად განსხვავებული, რომ სტილის ერთიანობა არ იგრძნობოდა, შეკოწიწებულ ნამუშევარს უფრო ჰგავდა, ვიდრე შეკრულ კოლექციას. 

 

 

 

ჩვენება ბოლო - შავით თეთრზე, თეთრით შავზე, შავი და თეთრი, შიგადაშიგ ნაცრისფერი. მოდის სახლი Matériel - ლიკა ჩიტაია. შავი, თეთრი, ნაცრისფერი, კოლექცია - მინიმალისტური, როგორც "Matériel"-ს შეეფერება. მასალა - ნაცნობი, სტილი - ნაცნობი. დიდი, აბსტრაქტული ჯიბეები... არაფერი ინოვაციური, თუმცა ისევ იდუმალი და მიმზიდველი.