Drawnimal: ბავშვების მეგობარი აპლიკაცია

ერთხელ, როდესაც შვილს ანბანს ასწავლიდა, Lucas Zanotto-მ სარკეში საკუთარ ანარეკლს გახედა და ოდნავ თავს ზემოთ (მაგრამ არა ჭერში) ანთებული ნათურა დაინახა. ლუკასი ჭკვიანი კაცი იყო და მიხვდა ნათურა ახალი იდეის გაჩენას ნიშნავდა, ხოლო იდეა ინოვაციური შემეცნებითი საბავშვო აპლიკაციის შექმნაში მდგომარეობდა iPhone/iPad-ისთვის (თუმცა რატომ მაინცდამაინც Apple-ისთვის, ამას მე ნუ მკითხავთ).


"მეტი ინტერაქცია ბავშვთან"- ფიქრობდა ლუკასი და ძალიან საყვარელ აპლიკაციას Drawnimal ქმნიდა, რომელიც პატარებს ანბანის შესწავლაში ეხმარება. ოღონდ ამ შემთხვევაში აპლიკაციის გარდა ჩვეულებრივი ფურცელი და ფანქარიც გჭირდებათ: ბავშვმა თან უნდა დახატოს, რომ უფრო მეტად ჩაერთოს პროცესში. პრინციპში, თქვენ მთავარია iPhone/iPad გქონდეთ და ფურცელს და ფანქარს ადვილად იშოვის ადამიანი.


თამაშის წესი ასეთია: iPhone-ს ან iPad-ს დებთ სუფთა ფურცელზე, აპლიკაცია კი ბავშვს აჩვენებს სად და რა დახატოს. როგორც კი ნახატი მზადაა, ეკრანზე მაშინვე რომელიმე საყვარელი ცხოველის ნაწილი ცოცხლდება, რომელიც მთლიანი სახით მხოლოდ ფურცელზე დადებული, ე.ი. ბავშვის ნახატთან ერთად აღიქმება. როგორც ანბანის სხვა სავარჯიშოებში, აქაც თითოეული ცხოველი თითოეულ ასოს შეესაბამება.

ამ ეტაპზე აპლიკაცია ხუთენოვანია და ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ, გერმანულ და იტალიურ ანბანს მოიცავს. რაც შეეხება ქართულენოვან ბავშვებს, მთლად დედაენის ფუნქციას თუ ვერ შეასრულებს, Drawnimal ზემოთჩამოთვლილთაგან რომელიმე ენის სწავლას ნამდვილად ძალიან სახალისოს გახდის.