Michaela Pavlátová: სიყვარული ვერტიკალურია, ანიმაცია - პროვოკაციული

 

2012 წელს თბილისის კინოფესტივალზე ვიყავი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების სანახავად. ფილმები კი ვნახე, მაგრამ ამის პარალელურად დაბნეული მშობლებიც ვნახე, რომლებიც ბავშვებს კინოდარბაზიდან მიარბენინებდნენ. არ ვიცი მხოლოდ კინოფესტივალის პრობლემა იყო აუდიტორიის ასაკზე ყურადღების გაუმახვილებლობა, თუ ზოგადად მშობლების პრობლემაა ეკრანზე მოძრავი ნებისმიერი ნახატის პატარებთან ასოცირება, მაგრამ ფაქტი ერთია: ჩეხი ანიმატორის Michaela Pavlátová-ს "ტრამვაიმ" ბავშვიან მაყურებლებს იმედი გაუცრუა (ალბათ უფრო იმიტომ, რომ ბავშვები სახლში არ დატოვეს).


"ტრამვაი", რომელიც 2012 წელს გამოვიდა, თავის მხრივ მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების ნაკრებში SEXPERIENCIES ერთიანდება. ამ ანიმაციების მთავარი თემა ქალთა სექსუალური ფანტაზიებია, შესაბამისად ამავე შინაარსს მიყვება პავლატოვას ზემოთხსენებული ფილმიც. თუმცა თავად მიჰაელას შემოქმედებას თუ გადავხედავთ, "ტრამვაი" სულაც არ არის კონტექსტიდან ამომხტარი: თავდან ბოლომდე სექსუალური ფანტაზიების თემაზეა 2006 წელს გამოსული "ცხოველების კარნავალიც," რომელიც პუბერტატთან დაკავშირებული გამოცდილებებით იწყება და მთლიანობაში რამდენიმე ფანტაზიას მოიცავს. ამ ანიმაციებში პენისისა და ვაგინის იმდენნაირ სიმბოლოს წააწყდებით, რომ ფროიდი შურისგან გამწვანდებოდა, ხოლო სექსუალური ფანტაზიების მრავალფეროვნება ნამდვილად შეიწირავდა ტინტო ბრასს.

 

 

 

ეროტიული განწყობა მეტ-ნაკლებად პავლატოვას თითქმის ყველა ანიმაციას მიყვება, თუმცა სექსი ყველაგან მთავარი თემა არაა. სიურეალისტური და სიმბოლური გარემოს შექმნის უნარი მას ეხმარება ეკრანზე ზოგადად ურთიერთობების თავისებურებები გამოიტანოს და ამასთან დაკავშირებული განცდები გვაჩვენოს. მაგალითად, "Repete" წყვილების ურთიერთობის რუტინულობას ეხება. თითოეული მათგანი ამ ურთიერთობაში უწყვეტ წრეზე დადის საკუთარ სამოქმედო რელსებზე და მაშინაც კი, როცა ისინი სხვა შემადგენლობის წყვილებად გადაეწყობიან, კვლავ იდენტურ რელსებზე ბრუნდებიან. დაახლოებით მსგავს თემატიკაზეა "Forever and Ever", სადაც გამუდმებით ერთმანეთს ცვლის ბედნიერი კადრები ქორწილიდან და იმედგაცრუებითა და მარტოობით სავსე ეპიზოდები ქორწინების შემდგომ, როგორც რაღაც სცენისა და კულისების, ან დასაწყისისა და დასასრულის დაპირიპირების მსგავსი. მეორე მხრივ, ოსკარზე ნომინირებული შედარებით მსუბუქი "Words, Words, Words" ურთიერთობებს დიალოგების ჭრილში გვაჩვენებს. ნათქვამში ჩადებული მნიშვნელობები პავლატოვას ფიზიკურ განზომილებაში გადმოყავს და მათ სიურეალისტურ ფორმებს აძლევს: სიტყვები იქცევიან ფერებად, დომინოს კოჭებად, სპილოებად და ბუღალტრულ ანგარიშებად.

 

 

 

ზოგადად, ძალიან ძნელია მიჰაელა პავლატოვას ანიმაციებში რაიმე ერთი სტილი დაიჭირო. პერსონაჟები სხვადასხვანაირადაა დახატული, ზოგჯერ ერთი ფილმის ფარგლებშიც კი. ის კომფორტულად გრძნობს თავს როგორც ფანქრებისა და ფურცლის გარემოცვაში, ე.ი. ხელით ნახატ ანიმაციასთან, ასევე კომპიუტერულ გრაფიკასთან. ხანდახან ნახატ ფილმში ვიდეომასალაც კი შემოაქვს. ამასთან, მის ანგარიშზე არცთუ ისე ცოტა მარტივი, ინტერაქტიული ფლეშ ანიმაციაა. ერთადერთი რასაც ვერ ეგუება, 3D-ა. რა ვქნა, როგორც კი იდეა მიჩნდება, მაშინვე ორ განზომილებაში წარმომიდგენიაო, ამბობს. სხვათაშორის, ანიმაციების გარდა პავლატოვა ცოცხალ ფილმებსაც იღებს და ოფიციალურ ვებ-გვერდზე მისი ნახატები და ილუსტრაციებიც (მათ შორის საბავშვო) შეგიძლიათ ნახოთ. თუმცა, თუ სამიოდე წუთს დაუთმობთ, ალბათ ყველაზე უკეთ მიჰაელა თავად გაგაცნობთ თავს ძალიან მშვიდი და ინტიმური ანიმირებული ავტოპორტრეტის საშუალებით: