არა სააღდგომოდ კატების დისკრიმინაციას!

მოკლედ, ჩვენი აღდგომა ცხვრებს არ წყალობს, დასავლური აღდგომა - კატებს. კატებს რაღას ერჩიანო, იკითხავთ თქვენ. ერჩიან კი არადა, პირდაპირ ანადგურებენ. მო-რა-ლუ-რად.


მოგეხსენებათ, კატები მგრძნობიარე არსებები არიან და მათთვის ყურადღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თქვენ კი (ე.ი. დასავლური ქრისტიანობის რიგითი წარმომადგენელი) რას აკეთებთ ამ დროს? რას და მთელი ყურადღება გადაგაქვთ სააღდგომო კურდღლისკენ. ეს სააღდგომო კურდღელი დასავლური აღდგომის ისეთივე ტრადიციული ნაწილია, როგორიც სანტა კლაუსი საშობაოდ. ვინმეს ამშვიდებს ეს განმარტება? თავმოყვარე კატას ნამდვილად არა. დიახ, თავმოყვარე კატა არამც და არამც არ დაუშვებს სააღდგომოდ მთელი სითბო და სიყვარული კურდღელს ერგოს, ხოლო რას მოიმოქმედებს იგი გამწარებულ გულზე Deborah Underwood-ის დაწერილ და Claudia Rueda-ს ილუსტრირებულ საბავშვო წიგნში "Here Comes the Easter Cat" შეგიძლიათ ნახოთ უფრო დაწვრილებით.



წიგნი შარშან გამოვიდა და როგორც ბავშვების, ასევე დიდების სიყვარული უკვე დაიმსახურა. გამორჩეული და საინტერესოა როგორც ილუსტრაციები, ასევე მთლიანად წიგნის სტრუქტურა, რომელიც თავიდან ბოლომდე კატისა და ავტორის დიალოგს წარმოადგენს. წიგნს რომ გადაშლით, ერთ გვერდი კატას აბარია, მეორე - მთხრობელს. თუმცა როგორც კატების უმეტესობამ, ამ ჩვენმა ფისომაც არ იცის ლაპარაკი და ამიტომაც ემოციებით, ჟესტებითა და ტრანსპარანტებით ცდილობს ავტორს რამე გააგებინოს. ავტორი, რომელიც ვიზუალურად საერთოდ არ ჩანს, ადვილად უგებს კატას და შემხვედრ კომენტარს ტექსტის სახით უბრუნებს, რასაც თავის მხრივ ფისო ისევ ჟესტიკულაციით პასუხობს. ასეთი სტრუქტურის გამო ილუსტრაციებში განსაკუთრებული ყურადღება მისი სახის გამომეტყველებასა და მოძრაობებს ეთმობა, თავად ნახატები კი ფერადი ფანქრებითაა შესრულებული. ყოველი ილუსტრაცია ცოცხალია და ძალიან საყვარელი.

სხვათაშორის, შუაში შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ჩვენი ფისო ფარ-ხმალს დაყრის, მაგრამ მაშინ კატები ცუდად გცნობიათ. მოიმარჯვეთ 3-დან 5 წლამდე ბავშვი და ბოლომდე მიადევნეთ თვალი მის თავგადასავალს.