ჯანდაბამდე გზა ჰქონია მოძრაობის ილუზიას!

 

"Damn the illusion of movement! Damn the illusion of movement all to hell!"

(Don Hertzfeldt,The Animation Show)

 

ჩვენში "ჩამოხრჩობანად" ცნობილი "Hangman" ალბათ ყველას გითამაშიათ. გამოცნობაზეა. ერთ-ერთი მოთამაშე არსებული სიტყვებიდან ნებისმიერს ჩაიფიქრებს და დანარჩენებს მისი გამოცნობა ევალებათ. ჩაფიქრებული სიტყვიდან ყოველი აცდენა ადამიანის მარტივ ფიგურას ქმნის, რომელიც შეცდომების გამო ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის ფატალური დასასრულისკენ. წესები მარტივია და ლოგიკური, მაგრამ ეს მანამ, სანამ სიტყვის ჩაფიქრების ჯერი Don Hertzfeldt-ზე მივა.


დონ ჰერცფელდი ამერიკელი ანიმატორია. მას გამორჩეული წარმოსახვის უნარი და აბსურდული, ნიჰილისტური სტილი აქვს. "ჩამოხრჩობანას" წესებს ყოველთვის დასცინის. ასე მაგალითად: ვთქვათ, თამაშობთ. დონმა ჩაიფიქრა სიტყვა. თქვენ უნდა გამოიცნოთ. თავში ათასი ვარიანტი იხაზება. ეს? იქნებ ეს? ან იქნებ... არა, არა, არც ეს, არ ის. ხოლო საბოლოოდ უნდა აღმოჩნდეს, რომ დონის ჩაფიქრებული სიტყვა საერთოდ არაა სიტყვა, უბრალოდ ასოთაწყობაა, რომელსაც არ გააჩნია შინაარსი. გამოდის, რომ ის დახატული კაცუნა შეიწირა არა ვინმეს შეცდომებმა, არამედ ვითარების აბსურდულობამ. ეს უკანასკნელი კი, ჰერცფელდის ანიმაციებისთვის ორგანული გარემოა, ისევე როგორც "ჩამოხრჩობანას" ფიგურების მსგავსი მარტივი ფიგურები.


ჰერცფელდის თითქმის ყველა ფილმი ხელით ნახატია. წინ ფურცლები და ფანქრები უწყვია და ყოველ ახალ კადრს თავიდან ხატავს. შემდეგ ამ კადრებს 1940-იანი წლების 35 მმ ფირიანი კამერით იღებს, რის გამოც ზემოთხსენებულ ფიგურებს თანდათან მოძრაობის ილუზია ექმნებათ. დონი ამბობს, კომპიუტერებს კი არ ვერჩი, უბრალოდ ხელით ნახატი ანიმაციის ტექნიკების ძველმანების ყუთში გამოკეტვა ძალიან საინტერესო ეფექტების მიღების საშუალებას გვართმევსო. და მართალიცაა, მისი, განსაკუთრებით ბოლო ფილმები დაუვიწყარი ვიზუალური მოგზაურობაა. ხომ გეუბნებოდითო, - ამბობს დონი, - სხვანაირად ამ ეფექტებს კი ვერ მივიღებდიო.

 

 

 

2012 წელს გამოსული ფილმის "It's Such a Beautiful Day" გარდა, დონის ანიმაციები ძირითადად მოკლემეტრაჟიანია. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პერსონაჟები ფურცელზე ფანქრით შესრულებული მარტივი ფიგურები არიან და ხშირ შემთხვევაში ვერც ლოგიკურ შინაარსს მიყვებით, ფილმები სულაც არაა მოსაწყენი. მისი სტუდენტური ანიმაცია "Billy's balloon" კანზეც იყო წარდგენილი და ზოგადადაც, არც მანამდე, არც მერე, დონის ფილმები სიყვარულისა და დაფასების გარეშე არ დარჩენილა.


როგორც ზემოთ მოგახსენეთ, უკვე დახატულ კადრებთან მიმართებაში ჰერცფელდი სხვადასხვა ექსპერიმენტულ ტექნიკას იყენებს ვიზუალური ეფექტის მისაღწევად. მაგალითად თუ ჯერ კიდევ ადრეულ ფილმებში პერსონაჟებზე რეალური სამყარო ახდენდა გავლენას: ანიმატორთან შედიოდნენ კონტაქტში (Genre) ან ფურცელი იჭმუჭნებოდა, იხეოდა და ყველაფერს ანადგურებდა (Rejected), მოგვიანებით ეფექტები უფრო და უფრო დაიხვეწა და საინტერესო გახდა. შედარებით გვიანდელ ანიმაციებში ("The meaning of life", "It's Such a Beautiful Day") დონი უკვე სინათლის ეფექტებს იყენებს: ეკრანზე სხვადასხვა ჰაეროვანი ფერი ამოიფრქვევა, ერთმანეთში ირევა და თავი სიზმარში გგონია. ამას გარდა ნახატი ფიგურების სამყაროში რეალური ფოტო და ვიდეო კოლაჟიც შეაქვს. დროდადრო ეკრანი რამდენიმე ფანჯარად იყოფა და მოვლენებს პარალელურ რეჟიმში ვხედავთ: მაგალითად, თუ ერთ ფანჯარაში ფანქრით ნახატი პერსონაჟი წვიმის დროს ავტობუსში ზის, მეორე ფანჯარაში ნამდვილი წვიმის თითოეულ წვეთი ჩანს ვიდეოს სახით, მესამე ფანჯარაში გუბეები და ა.შ. ეს ყველაფერი კი მთლიანობაში დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. ფილმების უმეტესობა თავად ჰერცფილდის გახმოვანებულია და ხშირად ფონად კლასიკური მუსიკა გასდევს. ჩაიკოვსკი, ბიზე, ბეთჰოვენი, შტრაუსი ეკრანზე ამოფრქვეულ ფერებსა და "ჩამოხრჩობანას" პერსონაჟების აბსურდულ არსებობას ერწყმის.

 

რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, ძველ და შედარებით ახალ ფილმებს შორის აქაც სხვაობაა. თუ ძველი ფილმები ძირითადად აბსურდულია იმ პრინციპით, რომ ანიმაციაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და არანაირი ლოგიკა არ არის საჭირო (ვციტირებ დონის გამოგონილი პერსონაჟის სიტყვებს ფილმიდან "The Animation Show"), ახალი ფილმების აბსურდულობა უკვე პირდაპირ უკავშირდება ეგზისტენციალისტურ საკითხებს. ამის გამო თითქოს ჰერცფილდის მთელი შემოქმედება ახალ ჭრილში გადაიტანება: გართობის მიზნით კი აღარ დასცინის თამაშის წესებს, არამედ იმიტომ, რომ თავად ყოფიერებაა ასეთი.


ტრაგიკომიკული ანიმაციები "The meaning of life" და "It's Such a Beautiful Day", რომლებიც ზემოთ უკვე ვახსენე ვიზუალურ ეფექტებთან დაკავშირებით, სწორედ ამ ეგზისტენციალურ აბსურდულობას აჩვენებს. "The meaning of life" კოსმიურ სივრცეში კაცობრიობის განვითარების ისტორიას მიყვება, სადაც პრეისტორიული ადამიანი განვითარების გზას გადის პატარა უჯრედიდან თანამდეროვე ჰომო-საპიენსამდე და მის მიღმა. ჰომო საპიენსები, ისევე როგორც მისი პოსტ-ფორმები, მოსიარულე "გაფუჭებულ ფირფიტებს" გვანან და თითოეული გაუჩერებლად იმეორებს ერთსა და იმავე წინადადებას. ქაოტური გარემოა.

 

 

 

მეორე მხრივ, "It's Such a Beautiful Day" რომელიც ზოგადად ანიმაციური ფილმების სამყაროში ჩემი ერთ-ერთი უდავო ფავორიტია, კონკრეტული ჰომო საპიენსის ბილის მონოტონურ ცხოვრებას მიყვება. ჰერცფელდის ეს ერთადერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი სინამდვილეში ტრილოგიაა და სამი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციისგან შედგება: "Everything Will Be OK", "I Am So Proud of You" და "It's Such a Beautiful Day", თუმცა თითოეული ნაწილი წინას ბუნებრივი გაგრძელებაა და ერთობლივად სრულმეტრაჟიან ფილმს ქმნის. ბილის ყოფიერების აბსუდულობას ჰერცფელდის გახმოვანების სტილიც კარგად აჩვენებს. ფილმს თავიდან ბოლომდე მხოლოდ ერთი ნარატორი ყავს: დონ ჰერცფელდი. ის მონოტონური, ირონიულად პათეტიკური და მელანქოლიური ტემბრით ყვება ბილისა და მის გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრებაზე. მიუხედავად იმისა, რომ აქ ადამიანები განიცდიან, ჭკუიდან იშლებიან და იხოცებიან, წართმეულია ემოციური ფონი, მაგალითად ყვირილის ნაცვლად ისინი ამბობენ: "ა აა ა". ქაღალდისა და ფანქრით დახატული ფიგურების სამყაროში მცხოვრები ბილი აღმოაჩენს, რომ მენტალური დაავადება აქვს და თანდათან კარგავს მეხსიერებასა და აღქმის უნარს. ბილის ეშინია და ვერ წამოუდგენია სიკვდილის დადგომა. მე და თქვენ კი ფანტასტიური ვიზუალური და ხმოვანი ეფექტების წყალობით თავად ვხდებით ბილი: ჩვენი გარემო თანდათან კარგავს სიმკვეთრეს და იდღაბნება, ჩვენ გადავიქცევით ბილის ჰალუცინაციებად, პარანოიად, დაბნეულობად, ბავშვობის მოგონებებად, ფერებად, კოლაჟებად, სახეებად, რომლებსაც ვეღარ ვარჩევთ და ნივთებად, რომლის დანიშნულებასაც ვეღარ ვხვდებით. თანდათან ჩვენი სამყარო მონოტონური აბსურდულობიდან ქაოტურ აბსურდულობად გადაიქცევა. ჩვენ ჩავეჭიდებით პატარა დეტალებს და გავაცნობიერებთ საკუთარ არსებობას მხოლოდ აქ და ამჟამად, რის გამოც დასასრული აღარასდროს აღარ დადგება.

 

 


სხვათაშორის, დასასრული არც ჰერცფელდის დანახული სიმფსონებისთვის დგება. მოგეხსენებათ, ანიმატორები განსაკუთრებით ეძალებიან სერიალის "The Simpsons" ქუდის პაროდიის გაკეთებას. ამ ტენდენციას თავის მხრივ დონ ჰერცფელდიც არ ჩამორჩა და სიმფსონები საკუთარ სამყაროში გადმოიყვანა, სადაც ისინი ევოლუციის საფუძველზე პოსტ-ადამიანებად გარდაიქმნებიან და სხვადასხვა ფორმას მიიღებენ.

 

 


2013 წელს ჰერცფელდმა კომიქსების წიგნი გამოუშვა. "The End of the World" ჰქვია. იმდენი იდეა მქონდა და სად წამეღო, ავდექი და კომიქსებად გამოვაქვეყნეო. სულ ცოტა ხნის წინ კი მისი ახალი ანიმაციური ფილმი გამოვიდა "World of Tomorrow". სხვათაშორის ეს უკანასკნელი ჰერცფელდის პირველი ანიმაციაა, რომელშიც კომპიუტერმა როგორც იქნა მისი ნდობა დაიმსახურა, ხოლო ფურცელი და ფანქარი დროებით უჯრაში შეანახინა, ამიტომ ორმაგად საინტერესოა. ფილმმა უკვე აიღო ჯილდო Sundance Film Festival-ზე და 2015 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ანიმაციად მოიაზრება. ჩავუჯდეთ და ვნახოთ. მანამდე კი ფილმის თრეილერს დაგიტოვებთ: