Jake Fried-ის ენცეფალოგრაფია

 

უკვე დიდი ხანია ანიმატორ Jake Fried-ს დედამიწის ზურგზე არაფერი ახარებს ისე, როგორც აგზნებულ და აფორიაქებულ ტვინებში მოგზაურობა. ასეთ დროს ტვინში გარემო ქაოტურია - ერთი წამითაც არ სტაბილურდება: შიგნით მყოფი საგნები მუდმივად განიცდიან მეტამორფოზას და იცვლიან ადგილს, ფორმასა და ზომას, ხოლო კედლები ოთხივე მხრიდან იკუმშება, რომ სუნთქვისათვის თავისუფალი სივრცე არ დარჩეს. ყველგან ელექტრონული ზუზუნი ისმის, რომელსაც ვერ აჩერებთ, რადგან ხმაური ტოტალურია, კონკრეტული წყაროს იდენტიფიცირება კი - შეუძლებელი. ბოლოს და ბოლოს, სეირნობისას ჯეიკი რომელიღაც კუთხე-კუნჭულში საცოდავად მიმალულ შეშინებულ სიმშვიდესაც იპოვის, ყურით გამოათრევს და ტვინიდან გარეთ გამოისვრის.


დარწმუნებული ვარ, წარმოდგენამაც კი თავი აგატკიათ. ჯეიკმა ზუსტად იცის, რომ თავი აგატკიათ. ამასთან, ისიც ზუსტად იცის კონკრეტულად როგორ აგატკიათ თავი:

 

 

მართალია ტვინებთან ურთიერთობა Jake Fried-მა თავიდან მხატვრობით დაიწყო, მაგრამ მალევე მიხვდა ანიმაციის პოტენციალი პირდაპირ ზედგამოჭრილი იყო იმ დაძაბულობის საჩვენებლად, რასაც იქ მოგზაურობისას ხედავდა. მის (ძალიან) მოკლემეტრაჟიან ექსპერიმენტულ ანიმაციებში ყველაფერი ხელითაა დახატული და ძირითადად ტუში და გუაშია გამოყენებული. 

 

 

 

 

იმის მიუხედავად, რომ სიმშვიდეს საგრძნობლად მტრობს, Jake Fried-ს მაინც არ უშინდებიან და საერთაშორისო ფესტივალებზეც აჩვენებენ. თუ ვერც თქვენ შეგაშინათ, შეირბინეთ მის vimeo გვერდზე და უკეთ გაიცანით.