Sylvain Chomet: მოჯადოებული ეკრანი, განჯადოებული რეალობა

 

ხელით ნახატი ანიმაცია არც მომკვდარა და არც მოსაწევად გასულა. რა მოკლავდა? სხვა თუ არაფერი, სილვენ შომეს მხოლოდ ერთი ანიმაციაც ეყოფოდა მშვიდად ცხოვრებისთვის.


სილვენ შომე ფრანგი ანიმატორია. ორი სრულმეტრაჟიანი და ერთი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი აქვს გადაღებული და ჯილდო ჯილდოზე - აღებული. 1997 წელს მისი პირველი 22 წუთიანი ანიმაცია "მოხუცი ქალი და მტრედები გამოვიდა," 2003 წელს უკვე სრულმეტრაჟიანი "სამეული ბელვილიდან", ხოლო ბოლო, ფრანგი რეჟისორისა და მსახიობის ჟაკ ტატის ავტობიოგრაფიული სცენარის მიხედვით შექმნილი "ილუზიონისტი" - 2010 წელს.


ფანტასტიურად ილუსტრირებული სოფლის პეიზაჟები, ქალაქის ხედები მზისით და მთვარის შუქზე, მოკირწყლული ვიწრო ქუჩები და მანქანებიანი ფართო ქუჩები, ძველი სახლების სიმყუდროვე, სასტუმროები და თეატრები, მატარებლები და გემები... საფრანგეთი, ინგლისი, შოტლანდია, შტატები... მშვიდი ფერები და თითქმის ნულამდე დაყვანილი დიალოგები ისეთ გარემოს ქმნის, პირდაპირ გინდება ეკრანში შეძვრე და არაანიმირებული ყოველდღიურობისგან დაისვენო.

ინებეთ, შომეს სტილია.

 
მაგრამ გაფრთხილდით: ზემოთხსენებულ გარემოში მცხოვრები პერსონაჟები და ის პრობლემები, რასაც ისინი აწყდებიან ისევ და ისევ ჩვენი სამყაროდანაა. მიუხედავად იმისა, რომ სამივეს განსხვავებული შინაარსი აქვს, თავის გადარჩენა და მოხმარებაზე ორიენტირებულ საზოგადოებასთან შეგუება შომეს ანიმაციებისთვის თემატურია. ასეთ საზოგადოებაში რეკლამა, თვითპრეზენტაცია, საკუთარი თავის შეფუთვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და განწირულია ყველა, ვინც ამას ფეხს ვერ აუწყობს. სამივე შემთხვევაში მსგავს გარემოსთან კონტაქტი პერფორმანსის სახით ხდება: ილუზიონისტი და ბელვილელი სამეული აუდიტორიასთან პირდაპირ სცენიდან ურთიერთობენ, ხოლო ჟანდარმი (მოკლემეტრაჟიანი ანიმაციიდან) ასევე თეატრალურ წარმოდგენას დგამს თვითგადარჩენის მიზნით. აუდიტორიის დაინტერესება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მისი მხრიდან იგნორირება შიმშილსა და სიღარიბეს უდრის. თუმცა, როგორც კი რესურსებს წაგართმევს, მას უკვე აღარ სჭირდები. ამ ყველაფრის გასამძაფრებლად შომეს მოხმარების ისეთი ზღვარგადასული ფორმებიც შემოაქვს, როგორიც ადამიანების სათამაშოებად ქცევა და მათი სიცოცხლით თამაშია.


სხვა საკითხები, რომლებსაც ანიმატორი ეხება, ისევ ამ რეალობიდან გამომდინარეობს. ორივე სრულმეტრაჟიან ფილმში მთავარი პერსონაჟი ბავშვს/მოზარდს მფარველობს და სინამდვილისაგან იცავს: ილუზიონისტი - ელისს ("ილუზიონისტი"), ბებია - შვილიშვილს ("სამეული ბელვილიდან").

ზემოთხსენებული თემების ვიზუალიზაციისათვის მშვენივრად არის გამოყენებული ანიმაციის შესაძლებლობები. პერსონაჟების სტილი პაროდირებული და გაზვიადებულია: მდიდრები გადაჭარბებით მსუქნები არიან, კარგად გაყიდვადი როკ-ჯგუფის ბიჭები - გულისამრევად ხელოვნურები, მლიქვნელი ოფიციანტი, რომელიც მდიდარ მაფიოზს ემსახურება - იმდენად ელასტიური, რომ მხოლოდ თავს კი არა, მთელ ტანს ურტყამს იატაკს ვითომდა პატივისცემის ნიშნად.


თავის ფილმებში შომე ხშირად ეხუმრება ამერიკელებს ისევ და ისევ მოხმარების თემის ირგვლივ: ანიმაციაში "სამეული ბელვილიდან", სადაც მოქმედება თითქმის მთლიანად შტატებში ხდება, თავისუფლების ქანდაკებაც კი მსუქანია, ხოლო ფილმში "მოხუცი ქალი და მტრედები" ისევ მსუქანი ამერიკელი ტურისტების სახე უპირისპირდება მშიერი ჟანდარმის სახეს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გადაჭარბებული სიმსუქნე აქ სიხარბისა და აზრს მოკლებული, უკონტროლო მომხმარებლობის საჩვენებლადაა გამოყენებული, იქნება ეს საჭმელი, გართობა თუ ტურიზმი.


2014 წელს შომე ამერიკელებს ისევ გაეხუმრა და ანიმაციური სერიალის " The Simpsons" ქუდის პაროდია გააკეთა. აქ ამერიკელი სიმფსონები ყველაზე სტერეოტიპულ ფრანგებად გადაიქცევიან და ჰომერი დონატების ნაცვლად ლოკოკინებს მიირთმევს. თუმცა ეს ხუმრობა თავადვე იყო ხუმრობაზე პასუხი - სიმფსონებმა დაასწრეს და ერთ-ერთ სერიაში ჯერ თავად გააკეთეს მისი "სამეული ბელვილიდან" პაროდია.

სხვათაშორის, სულ ცოტა ხნის წინ სილვენ შომემ მუსიკალური ვიდეოს ანიმირებაშიც სცადა ბედი და ბელგიელ Stromae-სთან ითანამშრომლა. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ მთავარი თემა აქაც კონსუმერიზმის კრიტიკაა.


ანიმაციების გარდა შომეს ერთი სრულმეტრაჟიანი, საყვარელი ფილმი "Attila Marcel"-იც აქვს გადაღებული და ერთიც მოკლემეტრაჟიანი - მიმებზე ფილმი-კოლაჟის "Paris je t'aime" ფარგლებში. 2017 წლისთვის კიდევ ერთი ფილმი გამოვა "ათასი მილი", რომელიც იტალიელი რეჟისორის ფედერიკო ფელინის გამოუქვეყნებელ ჩანაწერებს ეყრდნობა და ნახევრად ანიმირებული იქნება.


შომე კომიქსებსაც ხატავს და აქაც საკმაოდ წარმატებულია. თუ ფრანგულად კითხულობთ, გამოიწერეთ და წაიკითხეთ. თუ ჩემსავით არაფერი გაგეგებათ, ქართულად გამოცემას დაველოდოთ. მანამდე ანიმაციებს ჩაუჯექით - არც დუბლირება სჭირდება და არც სუბტიტრები.