Fran Krause: შიშების შემგროვებელი

 

რადიატორებს რუპორიანი კაცები იბარებენ, საკონტროლოს რვეულებს - მასწავლებლები, ირაციონალურ შიშებს - ფსიქოლოგები და ფრან კრაუზე.


ფრან კრაუზე შფოთვებისა და შიშების შემგროვებელია. მაშინ, როცა ფსიქოლოგები ორივეს გასაქრობად დასდევენ, ეს პირიქით, ყოველგვარ უცნაურობას აგროვებს, ელოლიავება და ჭერში არა, მაგრამ თავის Tumblr გვერდზე ნამდვილად აწყობს.


შიშების შეგროვების გარდა, ფრანი ილუსტრატორი და ანიმატორია, ამასთან პედაგოგადაც მუშაობს კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტის ანიმაციის პროგრამაზე. ამიტომაც იმისთვის სულაც არ სცხელა, კორპუსებს შორის იაროს ძველი ჟიგულით და "შიშებს ვიბარებ! შიშებს ვიბარებ!" იყვიროს. არც იმისთვის, თითი მაჯის საათს მიუკაკუნოს და მკაცრი სახით გამოგხედოთ, დროა შიშები ჩამაბაროთო. თქვენ წარმოიდგინეთ არც იმისთვის, მთელი ერთი საათი თქვენი შიშის გაანალიზებას დაუთმოს. არა. გადაწყვიტეთ შიშის ჩაბარება? თვითონვე მიბრძანდით და ჩააბარეთ.


აი, როგორ გამოიყურება შემდგომი პროცედურა: როგორც კი შიში ადრესატთან მოხვდება, ფრანი მას კარგად დააკვირდება, მერე აკვარელებს გადმოიღებს, აკვარელების დახმარებით თქვენგან მიღებულ შიშს გააცოცხლებს და ვირტუალურ გალერეაში მოათავსებს.

ასე, მაგალითად:


 

 

 

 

 

 


შეირბინეთ მის გალერეაში - კიდევ ძალიან ბევრ უჩვეულო ექსპონატს წააწყდებით, შესაბამისად ბევრ უცნაურ თავშიც ჩაიჭყიტებით. ეგ კი არადა, სულ ადრეულ ილუსტრაციებს თუ დააკვირდებით, იმასაც მიხვდებით, რომ ზემოთ აღწერილი პროცედურა ფრანს ჯერ საკუთარ შიშებზე გამოუცდია, დაუხვეწია და მხოლოდ და მხოლოდ შემდგომ გადასულა სხვების შიშების შეგროვებაზე.


სხვათაშორის ფრან კრაუზეს გვერდზე კიდევ რამდენიმე კარებია. შიშების გალერეას გვერდს თუ აუქცევთ, ანიმაციებთან მოხვდებით, სადაც ერთ-ერთ კარებში მთვარეზე გამომწყვდეულ საინტერესო, თუმცა უთავო კოსმონავტს წააწყდებით, სხვა კარებში - ჰოთდოგებთან მებრძოლ მოლაპარაკე დათვს, სხვაგან - უფროსებისთვის განკუთვნილ ანიმაციურ სერიალს "SuperF*ckers." სიმართლე გითხრათ, ამ უკანასკნელის ყურება დავიწყე და მემგონი ფრანისთვის გასაგზავნი ახალი შიში გამიჩნდა: ერთხელაც სამსახურიდან გამოსვლისას ვინმე ღვთის პირიდან გადავარდნილი გამიტაცებს და თორმეტივე სერიის ყურებას მაიძულებს, თითოეულს - თავიდან ბოლომდე. ახლა ვფიქრობ გავუგზავნო თუ არ ღირს...