Hello Hobbes, Goodbye Anxiety!

 

მეგობრის სამზარეულოში ვისხედით. ბავშვობაში იოგურტს ვყინავდით და ძალიან მიყვარდაო, ყვებოდა. მე კიდევ ვეუბნებოდი, გაყინული კი არა, ჩვეულებრივი იოგურტიც არ მინახავს თვალით, სანამ ცოტა არ წამოვიზარდე-მეთქი. 90-იანი წლების საქართველო იმისთვის ისევე ბუნდოვანი იყო, როგორც ჩემთვის ბიჭის და ვეფხვის პოსტერი მისი საერთო საცხოვრებლის სამზარეულოში. ეგეც ბავშვობაში უყვარდა.


დაახლოებით ერთი წლის მერე, შემოდგომას, ბუკინისტებში ძველ წიგნებს ვათვარიელებდი - ერთ-ერთის ყდაზე ისევ იმ ბიჭს და იმ ვეფხვს წავაწყდი. დავავლე ხელი, წამოვიღე. მაშინ გვირილის ჩაი მქონდა ამოჩემებული, ვიჯექი ჩემთვის, ვსვამდი. ჩაის პაკეტზე ეწერა „Hello Chamomile, Goodbye anxiety”, ბუკინისტებიდან წამოღებულ კომიქსს ვკითხულობდი და გარეთ ყველაფერი ყვითელი იყო, იმ კომიქსიდან კიდევ არც ბიჭი აღმოჩნდა ჩვეულებრივი ბიჭი და არც ვეფხვი - ჩვეულებრივი ვეფხვი. იმის მერე ბიჭის და ვეფხვის მაგივრად კალვინს კალვინს ვეძახი და ჰობსს -ჰობსს.


„კალვინი და ჰობსი“ ბილ ვატერსონის კომიქსია, 1985 წლიდან 1995 წლამდე ყოველდღიურად იბეჭდებოდა ამერიკულ და არა მხოლოდ ამერიკულ გაზეთებში, ამას გარდა თვრამეტამდე წიგნადაა გამოცემული. ექვსი წლის ბავშვზეა, რომელიც დედასთან და მამასთან ცხოვრობს და მთელ დროს ჰობსთან ერთად ატარებს. ჰობსი, საკმაოდ მოზრდილი ანთროპომორფული ვეფხვი, კალვინის საუკეთესო მეგობარია - მასთან კალვინი თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. ოღონდ სინამდვილეში ჰობსი არ არსებობს, უფრო სწორად არსებობს პატარა გაყინულგამომეტყველებიანი პლუშის სათამაშოს სახით. მას, როგორც აქტიურ პერსონაჟს, მხოლოდ კალვინი ხედავს. აქ მთელი სამყარო კალვინის ფანტაზიის ნაყოფია, წარმოსახვა და რეალობა მუდმივად ცვლის ერთმანეთს: ბოროტი უცხოპლანეტელი სინამდვილეში სკოლის მასწავლებელი მისის ვორმვუდია, მონსტრის თვალებით სავსე მათლაფა - სპაგეტი, ტრანსმოგრიფაიერი - მუყაოს ყუთი... მშობლებსა და მასწავლებლებს კალვინი ტირანებად თვლის, დანარჩენ ბავშვებს - მოსაწყენებად. ამის საპირისპიროდ ის თავისუფალ და კრეატიულ სამყაროებს ქმნის - ზამთრობით თოვლისგან პროვოკაციულ თოვლის ბაბუებს აკეთებს და ჰობსთან ერთად ერთადერთ სპორტს, კალვინბოლს მისდევს. კალვინბოლის თამაშის წესი იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთი წესი არ არის სტაბილური იმ წესის გარდა, რომ არც ერთი წესი არ არის სტაბილური. უფროსებისთვის სისხლის გაშრობის გარდა ჰობსთან მეგობრობა კალვინს საოცრად მშვიდი და დაცული სამყაროს შექმნაშიც ეხმარება და თუ რამე ასოცირდება ჩემთვის ამ კომიქსთან, სწორედ ეს დაცულობის შეგრძნებაა.

 

 

„კალვინი და ჰობსი“ მილიონობით ბავშვის საყვარელი კომიქსია. მეორე მხრივ, „კალვინი და ჰობსი“ მილიონობით მოზრდილის საყვარელი კომიქსიცაა იმიტომ, რომ ზედაპირული შრის მიღმა, რომელშიც მეგობრები უცხოპლანეტელ მონსტრებს ებრძვიან, საკუთარი კლუბი აქვთ და დროის მანქანას იგონებენ, მეორე შრეც არსებობს, რომელიც იმ საზოგადოების სატირაა, სადაც კალვინი და ჰობსი ცხოვრობენ. მაგალითად, ჰელოუინზე კალვინი საკუთარ თავს, მედიაზე დამოკიდებულ კონსუმერისტ ბავშვს, განასახიერებს, ხოლო სრულიად უინტერესო სკოლის გაკვეთილებს მხოლოდ საკონტროლო წერისთვის იზეპირებს, ერთადერთი რაც აქ ვისწავლე სისტემით მანიპულირებააო. ჰობსის კრიტიკა ძირითადად ადამიანურ ბუნებას ეხება, კალვინზე რაციონალურია და მის ექსცენტრიულობას აწონასწორებს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე პერსონაჟი აბსოლუტურად ორიგინალური და ბუნებრივია, კალვინი მე-16 საუკუნის რეფორმატორის ჟან კალვინის ალუზიაა, ხოლო ჰობსი - მე-17 საუკუნის ფილოსოფოსის - თომას ჰობსის. ამ პერსპექტივებიდან კალვინი და ჰობსი ერთად უამრავ სოციალურ, პოლიტიკურ და ფილოსოფიურ საკითხს განიხილავენ, თანაც ისე ბუნებრივად, როგორც პატარა ბიჭს და მის მეგობარ ვეფხვს შეეფერება: მცირეწლოვან ასაკში ეჭვსაც ვერ შეიტანთ, რომ მათი თავგადასავლებისა და საუბრების მიღმა ისეთი რთული საკითხები იმალება, როგორიცაა ეგოიზმი, თავისუფალი ნების პრობლემა, წესრიგისა და განსაზღვრულობის არსებობის მოთხოვნილება, ინვაირომენტალიზმი, კონსუმერიზმი, განათლების სისტემის ნაკლი და ა.შ.

 

 

შინაარსობრივ მრავალფეროვნებას რომ თავი დავანებოთ და "კალვინსა და ჰობსს" მხოლოდ ვიზუალური თვალსაზრისით შევხედოთ, აღფრთოვანებისთვის ესეც საკმარისი იქნება. აქ ვერსად ნახავთ გაშეშებულ და გაციებულ პერსონაჟებს, ყველაფერი ცოცხალია, მოძრავი და თავისი ხასიათი აქვს - მიმიკები, მოძრაობები ელვის სისწრაფით იცვლება და მთელ სიუჟეტებს ქმნის. ყოველდღიური საგაზეთო სტრიპებისგან განსხვავებით, კვირაობით დაბეჭდილი სიუჟეტები ფერადია. ამ ფერებისა და ზოგადად, ვატერსონის სტილის გამო განსაკუთრებულია ის გარემოც, სადაც პერსონაჟები მოქმედებენ - სახლი, სკოლა, კალვინის სუბიექტური რეალობები და რაც მთავარია ბუნება, რომელიც ასე უყვარს ორივეს. აქ ისე აშკარად გრძნობ შემოდგომას, თითქოს ფანჯრიდან იყურებოდე გვირილის ჩაის სმის დროს, ან ჰობსთან ერთად იატაკზე წევხარ მყუდრო ბუხრის წინ, ხატავ და გარეთ თოვს, მერე ზაფხულში ერთად აძვრებით რომელიმე ხეზე და იმ ხეზეც ისეთი სიმშვიდეა, მარტო ჩიტების ხმა გესმის.


იცით, რამდენს იცინიან კალვინი, ჰობსი და ბილ ვატერსონი იმათზე, ვინც არტს გალერეებში გამოფენილ "მაღალ" და კომერციულ "დაბალ" ხელოვნებად ყოფს? იმათზე, ვინც კომიქსს "low art"-ს უწოდებს? ერთ-ერთ სტრიპში პირდაპირ განიხილავენ კიდეც ამ საკითხს, თუმცა ერთი სიუჟეტი რა მოსატანია, "კალვინი და ჰობსი", როგორც თემატურად, ასევე გრაფიკულად, თავადვე არის იმის დადასტურება, რომ კომიქსი მხოლოდ გაზეთის ბოლო გვერდის შესავსებად არ მოუგონიათ. ის ისევე მოითხოვს შრომას, დახვეწილ ტექნიკასა და ორიგინალობას, როგორც ვიზუალური ხელოვნების სხვა ნებისმიერი მედიუმი. მასში ავტორი ისევე დებს საკუთარ სამყაროს და გამოხატავს თავს, როგორც ხელოვნების სხვა დარგებში.

 

 

კაცმა რომ თქვას, ვატერსონს პოპულარობა დიდად არ იზიდავდა. კალვინს და ჰობსს ყველა იცნობდა, ვატერსონს - თითქმის არავინ: არსად არ ჩნდებოდა და ძირითად დროს ხატვაში ატარებდა. არც მარკეტინგთან გრძნობდა მაინცდამაინც დიდ სიახლოვეს: მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მოზრდილ თანხებზე იყო საუბარი, კალვინისა და ჰობსის სახეების კომერციალიზაციაზე კატეგორიული უარი თქვა - თვლიდა, რომ ასეთ შემთხვევაში მათი შინაარსი და ხასიათი დაიკარგებოდა. სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს კალვინისა და ჰობსის გამოსახულებით არც სათამაშოები არსებობს, არც ფილმები, არც მულტფილმები და არც საბავშვო შამპუნის რეკლამა.


1995 წლის მერე "კალვინი და ჰობსი" აღარ გამოსულა. თუმცა ინტერნეტში ნაგლეჯ-ნაგლეჯ სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილი "გაგრძელებების" პოვნაც შეიძლება უკვე გაზრდილი კალვინის შესახებ. მე მგონია არაფერია ამ გაზრდილ, რეალობასთან ადაპტირებულ კალვინზე გულისმომკვლელი სანახავი. კიდევ მგონია ვატერსონმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ქვა აადგო და თავი შეუშვირა, ჩემს ბიჭს და ჩემს ვეფხვს არავის მივყიდიო. წარმოიდგინეთ რა საშინელებაა, როცა სახლში პატარა გაყინულგამომეტყველებიანი პლუშის ჰობსი გყავთ, რომელიც არასოდეს ცოცხლდება იმიტომ, რომ ვერავინ ხედავს ისე, როგორც კალვინი; ან უფრო უარესი - პატარა გაყინულგამომეტყველებიანი პლუშის კალვინი გყავთ, რომელიც თავად ვეღარ ხედავს ვერაფერს.